„კატინის წყევლა“- 10 წელი სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან

2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა. ბორტზე ძირითადად პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო თუ სასულიერო ელიტის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის კი პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე. ისინი სმოლენსკის ოლქის სოფელ კატინში მიემგზავრებოდნენ.

Photo Credits to Sean Gallup

1940 წელს სტალინის ბრძანებით კატინში 21 000-ზე მეტი პოლონელი უმოწყალოდ დახვრიტეს. პოლონეთის დელეგაცია სწორედ ამ მოვლენისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. თუმცა 70 წლის შემდეგ კატინის მახლობლად კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. პოლონელებმა 10 აპრილის ტრაგედიას „კატინის წყევლა“ უწოდეს.

1940 წელს უგზო-უკვლოდა გამქრალი 21 000 პოლონელი სამხედრო მძევლის ბედი დიდი ხანი უცნობი იყო, სანამ 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვმა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები პოლონეთს არ გადასცა.

დღეს, სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან 10 წლის შემდეგ, მისი გამომწვევი მიზეზები კვლავ ბევრ ეჭვთან და თეორიასთან არის დაკავშირებული. რუსულმა მხარემ თავიდანვე სხვადასხვა მცდარი ვერსიების პროპაგანდა დაიწყო, ხშირად აყოვნებდა პოლონური მხარისათვის საგამოძიებო მასალების გადაცემას, რუსეთის საბოლოო ანგარიშს კი პოლონეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მიუღებელი და შეცდომებით სავსე უწოდა.

გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ, ასევე ცნობილმა პოლიტიკოსმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, ტრაგედიაში დამნაშავედ რუსეთი დაასახელა. ამ გავრცელებულ ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ ლეხ კაჩინსკი მწვავე ანტირუსული განწყობით გამოირჩეოდა, ის და მისი პარტიის წევრები ხშირად აკრიტიკებდნენ კრემლის პოლიტიკას. შეთქმულების თეორიას ამყარებს ლეხ კაჩინსკის გეგმები პოლონეთის ფიქლის გაზის მარაგების სამრეწველო გამოყენებასა და ქვეყნის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან განთავისუფლებასთან დაკავშრებით.

ამგვარად, სმოლენსკის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ბევრი თეორია და ეჭვია, თუმცა მათი რეალურად დამტკიცება აქამდე ვერავინ შეძლო. შემთხვევის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება კი არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, 1940 წლის ტრაგედიისგან განსხვავებით, შეიძლება 50 წლის შემდეგაც კი ვერ გაირკვეს თუ რა იყო ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი.

სმოლენსკის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამომძიებელმა ჟურნალისტმა იურგენ როთმა დაწერა წიგნი სახელწოდებით „საიდუმლო საქმე S: სმოლენსკი, რეისი MH17 და პუტინის ომი უკრაინაში“. „კატინის წყევლაზე“ დაწერა წიგნი სახელად „თეთრი წიგნი“ დეპუტატმა და ადვოკატმა ანტონ მაცერევიჩმა.