პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას სამედიცინო ეტლიდან მართავდა

75 წლის წინ მეოცე საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსი, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი გარდაიცვალა. ის იყო აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე ორ ვადაზე მეტჯერ აირჩიეს. 1945 წელს, თავისი გარდაცვალების მომენტში, ის არათუ მესამე, არამედ მეოთხე ვადით იკავებდა პოსტს. 1933-1945 წლებში, თავისი ხანგრძლივი პრეზიდენტობის განმავლობაში, რუზველტმა თავისი ქვეყანა ორი უმძიმესი მოვლენიდან- „დიდი დეპრესიიდან“ და მეორე მსოფლიო ომიდან გამოიყვანა. ამ დამსახურებების გამო, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტს შორის ასახელებენ.

Photo Credits to Encyclopædia Britannica, Inc.

ბევრმა არ იცის, რომ ფრანკლინ რუზველტი ურთულესი პოლიტიკური გამოწვევების პარალელურად, უმძიმეს დაავადებას, პოლიომიელიტს, ებრძოდა. ის 12 წელი ისე მართავდა ქვეყანას, რომ სხეულის ქვედა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. რუზველტი ყოველთვის ცდილობდა მისი ავადმყოფობა ხალხისთვის დაფარული დარჩენილიყო და მაშინდელ პრესაში ვერსად ნახავთ სურათს, სადაც პრეზიდენტი ეტლში ზის. ის თავისი ძლიერი ხელებით ხან ტრიბუნალს ეყრდნობოდა, ხან თავისი შვილის ხელებს, ხანაც კი ყავარჯენს, მაგრამ ახერხებდა ხალხის წინაშე ფეხზე დამდგარი გამოსულიყო და არასდროს წაქცეულა.

Photo Credits to UPI/Bettmann Archive

თუმცა დაავადება ხელს არ უშლიდა სხეულის ზედა ნაწილით, წარმატებით ემართა უდიდესი ქვეყანა. პირიქით, მიუხედავად იმის, რომ რუზველტი ამით არ აფიშირებდა, ხალხმა იცოდა პრეზიდენტის ავადმყოფობა შესახებ. და როდესაც ათობით მილიონი ადამიანი თავიანთ ლიდერს უსმენდა, მათ იცოდნენ რომ მის ხმაში გამოსჭვიოდა იმ ადამიანის სიძლიერე, რომელმაც ბევრი მძიმე დღე გამოვლო. მან დაიმკვიდრა რეპუტაცია იმ ადამიანისა, რომელსაც „ერთადერთი რისაც ეშინოდა, თავად შიში იყო“.

ამასთანავე, ბევრი დაახლოებული პირი ფიქრობდა, რომ დაავადებამ რადიკალურად შეცვალა რუზველტი და ის უკეთეს ლიდერად აქცია. ახალგაზრდობაში, მდიდარ ოჯახში დაბადებულ ფრანკლინს შთამბეჭდავ ინტელექტთან ერთად, ქედმაღლობაც ახასიათებდა. თუმცა ავადმყოფობის შემდეგ რუზველტის ეს ვერსია უფრო ბრძენმა, თანამგრძნობმა და ძლიერმა ადამიანმა ჩაანაცვლა. დაავადებამ პრეზიდენტს ის უსასრულო მოთმინება, ნებისყოფა და გამბედაობა მისცა, რომელთა დახმარებითაც ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდში წარმატებით გაუძღვა ქვეყანას.