LC Queisser ქართველი ხელოვანების ნამუშევრების ონლაინ გამოფენა-გაყიდვას მართავს

გალერეა LC Queisser მიმდინარე კრიზისის ფონზე ქართველი ხელოვანების მხარდასაჭერად ონლაინ გამოფენა-გაყიდვას ჩაატარებს. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მათ ავტორებს სრულად გადაეცემათ.

„განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან, საქართველოს მთავრობას კულტურის სექტორისთვის ეპიდსიტუაციის საპასუხოდ ფინანსური დამარება არ გამოუყვია. ჩვენ გვჯერა, რომ უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ადგილობრივი ხელოვანები და მათი ოჯახები კორონავირუსის პანდემიის გამო. გაყიდვიდან შემოსულ თანხას სრულად მიიღებს ნამუშევრის ავტორი”.

14-19 აპრილს LC Queisser სოციალური მედია არხების საშუალებით დღეში ორ ხელოვანს წარადგენს, ხოლო გალერეის ვებგვერდზე მოეწყობა viewing room-ი, სადაც ყველა ნამუშევრის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ხელოვანების ნამუშევრები: თამარ ჩადუნელი, ანა ჩადუნელი, ელენე ჩანტლაძე, სალომე დუმბაძე, ანდრო ერაძე, ანა გზირიშვილი, გვანცა ჯგუშია, თეონა ხმალაძე, ქეუ მეფარიშვილი, ანა ჯიბლაძე, ანა ჯიქია, ზურა ცოფურაშვილი და გიორგი ვარდიაშვილი.