მხატვრების პროტესტი და ჯგუფი „მეათე სართული“

საქართველომ საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში უამრავი სირთულე გამოიარა. ქვეყნისა და მისი სოციუმის პრობლემებს კი ყველაზე კარგად ხელოვნება აღწერს. სამწუხაროდ, დასავლეთში მცხოვრები მხატვრებისა და მწერლებისგან განსხვავებით, ქართველმა მხატვრებმა ვერ მოიპოვეს ისეთი პოპულარობა, როგორსაც იმსახურებენ – ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი ის იზოლირება იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის აკრძალვებმა გამოიწვია. ფაქტია, საბჭოთა კავშირზე მსჯელობა ახლაც სხვადასხვა ემოციას იწვევს – ზოგი ნოსტალგიით იხსენებს ადრინდელ პერიოდს, ზოგი კი თვალს უსწორებს ფაქტს, რომ ტოტალიტარული რეჟიმები კრძალავენ ყველანაირ ინდივიდუალიზმს, მხატვრობაში და ზოგადად ხელოვნებაში კი მთავარი კრიტერიუმი ხელოვანი ადამიანის ინდივიდუალიზმია, მისი ჩახშობით იკარგება ნებისმიერი კულტურული ნაწარმოების ღირებულება.

„ხელოვნება ეკუთვნის ხალხს“ – ასე გამოაცხადეს სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა საბჭოთა კავშირის მოწინავე გაზეთში „Правда”, მას შემდეგ, რაც მოსკოვში მოეწყო გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ იმდროინდელი მხატვრები, რომლებსაც უნდოდათ გამოეხატათ საკუთარი ინდივიდუალიზმი. 1932 წელი როგორც ლიტერატურაში, ასევე მხატვრობაში გარდამტეხი წელი იყო. 1932 წლის 23 აპრილს, კომუნისტურმა პარტიამ მიიღო „დადგენილება ლიტერატურული სამხატვრო ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ“. ამ დადგენილებით ყველა პატარა ლიტერატურული დაჯგუფება, რომელიც იმ დროისთვის თითქმის აღარ არსებობდა, უნდა გაუქმებულიყო და შექმნილიყო ერთი მთლიანი ჯგუფი, მაგალითად როგორიცაა „მწერალთა კავშირი.“ იმავე წლის 23 მაისს გამოქვეყნდა სტატია, სადაც პირველად გამოჩნდა ტერმინი „სოციალური რეალიზმი“. ამის მიზეზი იყო ის, რომ ხელისუფლებას სურდა ავანგარდული მხატვრობას ახალი მიმართულება ჰქონოდა, რომელიც სრულიად იქნებოდა დაკავშირებული იმდროინდელ სოციალურ მოვლენებთან და იმუშავებდა პროპაგანდაზე. ხელოვნება აღარ იყო საკუთარი „მე“-ს გამოხატვის საშუალება – მას, როგორც საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ელემენტს, უნდა ემუშავა ხალხის თვალის ასახვევად. ნებისმიერი კულტურული ღონისძიება მოწმდებოდა ხელისუფლებასთან, აღარ იყო არანაირი თავისუფლება. საბოლოოდ, უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მხატვრისთვის თითქმის შეუძლებელი იყო დაეხატა რაიმე ისე, რომ არ შეემოწმებინათ მისი იდეოლოგიური შეხედულებები, მისი წარმატებაც სწორედ პოლიტიკურ შეხედულებებზე იყო აწყობილი, ამის გამო მხატვრები მუდმივი წნეხის ქვეშ იყვნენ.

სირთულეების მიუხედავად, ხელოვნებამ გაუძლო საბჭოთა ქაოსს და მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარულ რეჟიმს უამრავი მხატვარი შეეწირა, მხატვრებმა შეძლეს ეპოვათ ძალა, იმდროინდელი რეჟიმისთვის პროტესტი გამოეცხადებინათ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს მხატვრები მაინც ახერხებდნენ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები და შემოეღოთ მხატვრობაში ახალი ჟანრების ელემენტები.

კარლო კაჭარავა

მეოცე საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში გამოჩნდა მხატვართა ჯგუფი „მეათე სართული.“ მხატვართა ჯგუფის თავდაპირველი წევრები იყვნენ: კარლო კაჭარავა, ნიკო ცეცხლაძე, მაია ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე, გია დოლიძე, თემურ იაკობაშვილი, ზურაბ სუმბაძე, გია ლორია და გიორგი მაღლაკელიძე. დროდადრო ჯგუფს კიდევ ბევრი საინტერესო ხელოვანი შეუერთდა. ჯგუფის წევრები ერთმანეთს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, პატარა სახელოსნოში ხვდებოდნენ. თითოეული მხატვრის შემოქმედებაში იგრძნობა მეოცე საუკუნის სხვადასხვა მიმდინარეობის გავლენა. ისინი ცდილობდნენ დასავლური კულტურა აეთვისებინათ, ზეთის საღებავით შექმნილი ნახატების გარდა მუშაობდნენ სხვადასხვა ფიგურატიულ და სტრუქტურულ კომპოზიციებზეც.

„მეათე სართულის“ წამყვანი პიროვნება ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი და პოეტი კარლო კაჭარავა იყო. ის იყო ერთ-ერთი იმ მხატვართაგან, რომლებიც ქართულ ხელოვნებას დასავლურთან აკავშირებდნენ. მას უყვარდა გერმანული ექსპრესიონიზმი და ნეოექსპრესიონიზმი, რაც მის ნახატებში იგრძნობა. მისი ზოგიერთი ნახატი ექსპრესიონისტების სტილით არის შთაგონებული. 90-იანი წლებისთვის კარლო კაჭარავამ უკვე შეითვისა ნეოექსპრესიონიზმის დეტალები, ხოლო საბოლოოდ მას ინდივიდუალური სტილი ჩამოუყალიბდა.

კარლო კაჭარავა

კარლო კაჭარავას გარდა „მეათე სართულის“ დანარჩენი წევრებიც ცდილობდნენ შეემუშავებინათ საკუთარი სტილი, მაგალითად ოლეგ ტიმჩენკო ტილოებზე ქმნიდა ფანტასტიკურ სამყაროს რაინდებისა და ჯუჯების გამოსახულებებით. მის შემოქმედებაში ასევე გვხდება ბიბლიური ეპიზოდები, ისევე როგორც ჯგუფის წევრ გიორგი მაღლაკელიძის ტილოებში. 1991 წელს ოლეგ ტიმჩენკომ და ნიკო ცეცხლაძემ ერთად მოაწყვეს პერფორმანსი სახელად “მანეკენები”, რომელიც კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გათამაშდა. ორმა ხელოვანმა მაღაზიის ვიტრინაში მანეკენის როლი მოირგო. რამდენიმე წლის შემდეგ ტიმჩენკომ ახალი პერფორმანსი მოაწყო, სახელით “თუ მუჰამედი ვერ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან”. პერფორმანსი დეზერტირების ბაზარში მოეწყო, მხატვარმა რამდენიმე ნამუშევარი მოიტანა და პროდუქტების გასაყიდად განკუთვნილ ადგილზე გამოფინა. „მეათე სართულის“ წევრმა გია ლორიამ ჯგუფის წევრების შემოქმედებაში შემოიტანა ფიგურატიული ექსპრესიონიზმი. ამის პარალელურად, ლორია აქცენტს აკეთებდა ექსპრესიულობაზე და ინტერპრეტაციებით ქმნიდა საინტერესო იკონოგრაფიულ სცენებს.

ოლეგ ტიმჩენკო

„მეათე სართულის“ ჯგუფმა რამდენიმე წელი იარსება, თუმცა უდიდესი კვალი დატოვა ქართულ ავანგარდულ ხელოვნებაზე. „მეათე სართულის“ მხატვრების ხელოვნებაში კარგად ჩანს იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი და სოციალური მდგომარეობა. ჯგუფის მხატვრების მონაწილეობით თბილისში სულ თოთხმეტი გამოფენა მოეწყო, თუმცა უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ საშუალება მიეცათ საზღვრებს გარეთ გაეტანათ საკუთარი ნამუშევრები. საბჭოთა კავშირის რეჟიმის წნეხის მიუხედავად, ქართველმა მხატვრებმა შეძლეს დაენერგათ პროგრესი იმდროინდელ მხატვრობაში, რომელიც საბჭოთა კონტროლის გამო გაჩერებული იყო.