სემუელ ბეკეტი და დღევანდელი სამყაროს რეალობა

ირლანდიელი მწერალი და დრამატურგი სემუელ ბეკეტი ხშირად წერდა ადამიანური არსებობის ტრაგიზმზე. ის ფიქრობდა, რომ ჩვენ დაბადებიდანვე აბსურდისთვის ვართ განწირულნი. 1969 წელს მან მოიპოვა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

საინტერესოა, რამდენად დაემსგავსა დღევანდელი მსოფლიოს რეალობა მის ნაწარმოებებს. ბეკეტის პიესებში დრო და სივრცე გამქრალია, ახალიც არაფერი ხდება. ადამიანები ცხოვრებას ინერციით განაგრძობენ და უაზროდ არსებობენ. ცხოვრება ერთ დიდ ილუზიას ემსგავსება და ყოველდღიურობაში გაურკვეველი იმედები ჩნდება.

© Gisèle Freund

შეიძლება ითქვას, რომ მწერლის საკულტო ნაწარმოებია ,,გოდოს მოლოდინში“. ესაა პიესა, რომელიც სავსეა პასუხგაუცემელი კითხვებით ადამიანის არსებობაზე, სიკვდილსა და ღმერთზე. მისი პერსონაჟები სამყაროში დაკარგულნი არიან და თითქოს არაფრის შეცვლის უნარი არ აქვთ. ისინი ამაოდ ელიან ,,გოდოს“ გამოჩენას, რომელიც არავინ იცის სად არის ან როდის მოვა.

დღესაც, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა გაურკვევლობაში. თუ აქამდე ცხოვრების ამაოებასა და აბსურდულობაზე დასაფიქრებლად დრო ბევრს არ რჩებოდა, აქტიური ცხოვრების წესისგან მოწყვეტამ ამის საშუალება ნამდვილად გააჩინა. მსოფლიო პირდაპირი გაგებითაც დიდ გაურკვევლობაშია, რადგან არავინ იცის არსებული მოცემულობა როდემდე გასტანს. ამავდროულად, ადამიანურ გონებას მეტი გასაქანი მიეცა, რათა, ბეკეტის მსგავსად, დაფიქრდეს ცხოვრებისეულ ტრაგიზმზე.

მწერლის ,,აბსურდის თეატრში“ ადამიანებს არ ახსოვთ რა მოხდა წინა დღეს და რის გაკეთებას აპირებენ ხვალ. აქ ხშირად ვხვდებით იუმორს, თუმცა ეს იმითაა განპირობებული, რომ ადამიანის ცხოვრებით გამოწვეულ სევდას ხაზი მეტად გაესვას.

ბეკეტის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მისი ნაწარმოებები არის ყველაფერზე და თან არაფერზე. ერთმა ადამიანმა შეიძლება ეს აბსურდად აღიქვას, მეორემ კი სრულიად რეალურად. ხშირად ავტორისთვის აბსურდი ყოველდღიურობა და ჩვეულებრივობაა. მისი პიესის გმირები კი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. დღევანდელ რეალობაში კი სამყაროს ამგვარი აღქმა, თითქოს უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა.

ფოტო: https://cdn.britannica.com/72/6372-050-FB63515E/Samuel-Beckett-1965.jpg