ფილმები, რომლებიც ისტორიულ მოვლენებს სხვა კუთხით გვაჩვენებენ

ყველა ფილმი, რომელიც ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება განსხვავდება ერთმანეთისგან. ისტორიული მოვლენის კარგად გადმოსაცემად ყოველთვის არაა აუცილებელი ფილმის სცენარი ზედმიწევნით ემყარებოდეს ისტორიულ დოკუმენტებსა და ჩანაწერებს. ხანდახან კონკრეტული მოვლენის ან ეპოქის გადმოსაცემად საჭიროა რეჟისორმა შეგვიქმნას თავისებური ატმოსფერო, ან შემოგვთავაზოს განსხვავებული ხედვა არჩეული მოვლენის მიმართ.

სიაში წარმოდგენილი ფილმები მაყურებელს უქმნის წარმოდგენას მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდებზე და გარდა ამისა, საშუალებას აძლევს სხვა კუთხით შეხედონ მათ. თითოეული ფილმი იდეალურად გადმოსცემს იმ ეპოქას, რომელზეც გვიყვება, რეჟისორი კი სხვადასხვა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ მთლიანად შევიგრძნოთ წარმოდგენილი ისტორიული ეპოქის ატმოსფერო.

The Last Samurai

ფილმში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის იაპონიაში ვითარდება. კაპიტანი ნეითან ოლგრენი იაპონიაში ჩადის, თუმცა პირველივე ბრძოლის შემდეგ იაპონელების ტყვეობაში აღმოჩნდება. კაპიტანს ერთი წელი სამურაებთან თანაცხოვრება და მათი ტრადიციების გაცნობა უწევს. ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ ფილმს საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს – მთავარი გმირის ისტორიული პროტოტიპი, ფრანგი ოფიცერი ჟიულ ბრუნეა. ბრუნე 1867 წელს იაპონიაში ჩავიდა, რათა სამხედროებისთვის არტილერიის გამოყენება ესწავლებინა. როგორც ცნობილია, აჯანყების დროს მას შეეძლო საფრანგეთში დაბრუნება, თუმცა იაპონიაში დარჩენა გადაწყვიტა.

Gangs of New York

მარტინ სკორსეზეს ფილმის იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაებადა. ნიუ-იორკი ყოველთვის მისი საყვარელი ქალაქი იყო და ამიტომ გადაწყვიტა ფილმი ამერიკის ყველაზე ხმაურიანი ქალაქის შექმნის თავდაპირველ წლებზე გადაეღო. ფილმში მეცხრამეტე საუკუნეა. მთავარი პერსონაჟი, ამსტერდამ ველონი ბავშვობის ქალაქში ბრუნდება. მას გადაწყვეტილი აქვს შური იძიოს ნიუ-იორკის ბანდის მეთაურ ბილი ყასაბზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მამამისი მოკლა. ფილმში მოთხრობილია შურისძიებისა და სამართლიანობის დაუვიწყარი ამბავი.

Gladiator

ისტორიულ ფილმში მოქმედება ძველ რომში ვითარდება, ჩვენი წელთაღრიცხვით 180 წელს. მარკუს ავრელიუსის შვილი კომოდუსი ფიქრობს, რომ მის მოხუც მამას სურს იმპერატორობა მას გადასცეს. თუმცა, მარკუს ავრელიუსმა გადაწყვიტა იმპერატორი ძლევამოსილი გენერალი მაქსიმუსი გახდეს. მარკუს ავრელიუსი შვილის სახით რომაული საზოგადოების მანკიერებას ხედავს, ამიტომ ფიქრობს, რომ მხოლოდ მაქსიმუსს შეუძლია რომს ძველი დიდება დაუბრუნოს. ამის გამო, იმპერატორის შვილი გენერალს დაუპირისპირდება. ეპიკურ ფილმში მთავარ პერსონაჟს უამრავი სირთულე ელოდება.

Kingdom of Heaven

„გლადიატორის“ წარმატების შემდეგ რიდლი სკოტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ისტორიულ ჟანრს. ამჯერად, მოქმედება მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე მიმდინარეობს – იერუსალიმსა და აიუბიდების შორის სამხედრო კონფლიქტი მძვინვარებს. სალადინმა დიდძალი არმიით ალყა შემოარტყა იერუსალიმს. ფილმის მთავარი პერსონაჟი მჭედელი ბალიანია, რომელიც ჯვაროსნულ ლაშქარს უერთდება.

King

უილიამ შექსპირის “ჰენრიადას“ პიესებზე დაფუძნებული ფილმი გვიყვება ამბავს ინგლისის ტახტის მემკვიდრეზე, რომელიც ჰენრი V-ედ აკურთხეს. მამის სიკვდილის შემდეგ, ახალგაზრდა მეფე, რომელიც ყოველთვის შორს იყო სატახტო ცხოვრებისგან, იძულებულია წარმართოს ქვეყნის პოლიტიკა და ჩაებას საფრანგეთთან წამოწყებულ ომში.

The Other Boleyn Girl

ჯასტინ ჩედვიკის ფილმში მეთექვსმეტე საუკუნის დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის მოვლენებია ასახული. ფილმი აღწერს დები ბოლეინების – ანასა და მარის დაპირისპირებას, რომლებიც ცდილობენ მეფე ჰენრი VIII-ის სიყვარული მოიპოვონ.

Inglourious Basterds

სამხედრო მოვლენებზე აგებული ფილმის გადაღების გეგმის შესახებ კვენტინ ტარანტინომ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში განაცხადა. სცენარის მთლიანად დასაწერად მას თითქმის შვიდი წელი დასჭირდა. მისივე აღიარებით, იგი სცენარის ყველა ფურცელს უფრთხილდებოდა, რის გამოც სიუჟეტი ნელ-ნელა იზრდებოდა და ფართოვდებოდა. ფილმში მეორე მსოფლიო ომის დროა. ოკუპირებულ საფრანგეთში ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რომ მესამე რაიხი გაანადგურონ. ფილმში პარალელურად კიდევ რამდენიმე ამბავი ვითარდება.