არშილ გორკის თავისებური მხატვრული სტილი

„ფორმა – დროის მსვლელობის ენაა, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. ემოცია და გამოცდილება მარადიულია. მე ვეძებ ფორმასა და ენას, რომ გამოვხატო ჩემი იდეები.“

ვოსდანიკ მანუკ ადოიანი, იგივე არშილ გორკი, სომხური წარმოშობის ამერიკელი მხატვარი იყო, რომელმაც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გამოჩნდა. მხატვრები პირადი გამოცდილებითა და ემოციებით ნაკარნახევ ტილოებს ქმნიდნენ. მათი ტექნიკა განსხვავებული იყო – ისინი ხშირად იყენებდნენ დიდ ფუნჯებს, პირდაპირ ასხამდნენ საღებავს მასიურ ტილოებზე და იგონებდნენ სრულიად წარმოუდგენელ ტექნიკებს. მიმდინარეობას სახელი 1946 წელს ამერიკელმა კრიტიკოსმა რობერტ ქოუთსმა დაარქვა. თვითონ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენლებს სახელი – „ნიუ-იორკის სკოლა“ უფრო მოსწონდათ, რადგან მათ ერთი კონკრეტული სტილი არ აერთიანებდათ, საერთო მხოლოდ საქმისადმი ერთნაირი მიდგომა იყო. მათი ნამუშევრები მორალური თემებითა და ემოციურობითაა დატვირთული. აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმზე დიდი გავლენა იქონია კუბიზმმა, ექსპრესიონიზმმა და ყველაზე მეტად კი სიურრეალიზმმა, რომელიც ინტუიციასა და გამოხატვის თავისუფლებას ეფუძნებოდა.

როგორც ნებისმიერი ჟანრის ჩამოყალიბებაზე, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ჩამოყალიბებაზეც დიდი გავლენა იმდროინდელმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ იქონია. 1940-იანი წლების მეორე ნახევრისთვის ამერიკაში უკვე გადამწყვეტი როლი ჰქონდა შესრულებული მეორე მსოფლიო ომს. ამერიკა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი, სტაბილური და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, ამიტომ ემიგრანტთა ნაკადი იზრდებოდა. ამ მოვლენამ ნიუ-იორკს ხელი შეუწყო ხელოვნების დარგში ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი გამხდარიყო, რითიც უამრავი მოდერნისტი მოიზიდა. ამ ყველაფერმა მხატვრებს გაუჩინა სურვილი რაიმე ახალი და განსხვავებული შეექმნათ, რაც ღრმა, აზრიანი, ორიგინალური და ნებისმიერი პოლიტიკური ხედვისგან თავისუფალი იქნებოდა.



„აბსტრაქცია საშუალებას აძლევს ადამიანს გონებით დაინახოს ის, რასაც საკუთარი თვალებით ფიზიკურად ვერ ხედავს.“

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი არშილ გორკი 1904 წელს თურქეთის პროვინციაში დაიბადა. არშილს რთული ცხოვრება ჰქონდა, რამაც მხატვარი საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 1920 წელს, გენოციდის გამო, მის ოჯახს მოუწია ამერიკაში გადასახლებულიყო. მან სახელი შეიცვალა, აიღო ქართული სახელი არჩილი (არშილი) და საყვარელი მწერლის მაქსიმ გორკის გვარი.

არშილ გორკს შიმშილის გამო დედა გარდაეცვალა, რაც მის მხატვრობაზე აისახა – მან რამდენჯერმე დახატა ნამუშევარი „მხატვარი და დედამისი“, პორტრეტის წყარო იყო მისი ბავშვობის ფოტო დედასთან ერთად. ამ ნახატის შესაქმნელად გორკი უცნაურ ტექნიკას იყენებდა – როდესაც საღებავის ერთი პირი გაშრებოდა, მხატვარს ნახატი აბაზანაში მიჰქონდა და სამართლებლის გამოყენებით საღებავის ფენას აცილებდა, სანამ ნახატის ზედაპირი სრულიად გლუვი არ გახდებოდა. შემდეგ, ბრუნდებოდა სახელოსნოში და ნახატს ფერებს უმატებდა. ასეთი იყო ნახატის შექმნის გრძელი პროცესი.

„რაღაცის დასრულება მისი სიკვდილის ტოლფასია, ხომ ასეა? მე კი მარადიულობის მჯერა. ტილოს არასდროს ვასრულებ, უბრალოდ მასზე მუშაობას დროებით ვწყვეტ.“

მიუხედავად იმისა, რომ გორკი ნიუ-იორკის სამხატვრო სკოლაში დადიოდა, ძირითადად მაინც თვითნასწავლი მხატვარი იყო. მის მხატვრობაზე დიდი გავლენა იქონიეს სეზანმა, პიკასომ და მირომ. მოგვიანებით მან გაიცნო სიურრეალისტები ანდრე ბრეტონი და რობერტო მატა, რამაც მის გვიანდელ შემოქმედებაზე იმოქმედა. არშილ გორკიმ თავისებური მხატვრული სტილი განავითარა. მის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის სიურრეალიზმის უცნაური ფორმები და აბსტრაქციები და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი ფუნჯის სწრაფი მონასმები.