ფრიდა კალოს მოყვარულთათვის პლატფორმამ Google Art & Culture შექმნა პროექტი “Faces of Frida”, სადაც 33 სხვადასხვა მუზეუმი მონაწილეობს და წარმოდგენილია 800-მდე არტეფაქტი.
ფრიდა კალო მექსიკელი მხატვარი იყო, რომელიც ნახატებს რეალიზმის, სიმბოლიზმის, პრიმიტივიზმისა და სიურრეალიზმის კომბინირებულ სტილში ქმნიდა. ფრიდა კალოს ნამუშევრები გაჯერებულია სიმბოლოებით, მის სტილში ჩანს მექსიკური კულტურის გავლენა, თუმცა, ასევე იგრძნობა ევროპული მხატვრობისათვის დამახასიათებელი ელემენტებიც. ფრიდა კალოს მრავალფეროვანი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს ხიბლავს, იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი ხელოვანია. “Faces of Frida”-ს კოლექციაში გვხვდება მხატვრის ნახატები, აქამდე უცნობი ფოტოები და სხვადასხვა ნივთი. კოლექციაში წარმოდგენილი ზოგიერთი ნამუშევარი ძალიან იშვიათია, მაგალითად, მისი თავდაპირველი ნამუშევრები, რომლებსაც ის ტილოს უკანა მხარეზე ხატავდა.
პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ვირტუალურად მოინახულონ მნიშვნელოვანი ადგილები ფრიდას ცხოვრებიდან, მაგალითად მისი „ცისფერი სახლი“, კაიოაკანში, ლონდრეს ქუჩაზე, სადაც ფრიდამ თავისი ცხოვრება გაატარა. დღეისთვის „ცისფერი სახლი“ სახლ-მუზეუმადაა ქცეული.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტს “Faces of Frida” საიტზე Arts&Culture.