Little Free Library – 88 ქვეყანაში შექმნილი 75 000-მდე პატარა ბიბლიოთეკა

საერთაშორისო პროექტი “Little Free Library” ხელს უწყობს კითხვის პოპულარიზაციას და წიგნებისადმი სიყვარულის დანერგვას. სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში სხვადასხვა ინტერესისა და ასაკის ადამიანები ერთიანდებიან, რათა საყვარელი წიგნები ერთმანეთს უფასოდ გაუზიარონ.

ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, ტოდ ბოლმა (Todd Bol) საკუთარ ეზოში პატარა სახლის ფორმის ბიბლიოთეკა შექმნა, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა. მეზობლების დაინტერესება დიდი აღმოჩნდა და მალე პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთო. ტოდ ბოლი 2018 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა, თუმცა მისი პროექტი ახლაც მუშაობს და მსოფლიოს გარშემო კითხვის მოყვარულ ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს სხვადასხვა წიგნი გაუზიარონ. ორგანიზაციის თანამშრომლები მოხალისეები არიან, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ქსელის მუშაობას, რუკაზე ეძებენ ქალაქებს, სადაც ბიბლიოთეკა ჯერ არ გაუკეთებიათ, აგზავნიან წიგნებს და ამზადებენ პატარა ბიბლიოთეკებს.

როდესაც პროექტის დამაარსებელი ტოდ ბოლი TED-x-ზე გამოვიდა, მან გამოთქვა სურვილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეძლებოდა ეამაყა იმით, რომ მისი პროექტი მრავალი ადამიანისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. დღეისთვის პროექტში “Little Free Library” დარეგისტრირებულია 75000-მდე ბიბლიოთეკა, რომელიც 88 ქვეყანაში მდებარეობს.