ფერების მნიშვნელობა ხელოვნებასა და კულტურაში

Painting by Henri Matisse: La Danse

ფერი ოდითგანვე ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. ძველ ქვეყნებში საგნების, სალოცავების, ტანსაცმლისა და ნიღბების შეღებვა გარკვეულ რიტუალურ მნიშვნელობას ატარებდა. კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს, ფერების კონკრეტული გამოყენება ახასიათებდა, მაგალითად ფერების პალიტრა ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა ორი მნიშვნელობის მიხედვით – ფერი, როგორიც გვხვდება ბუნებაში და ფერი, რომელიც ატარებს სიმბოლურ დატვირთვას. გარდა ამისა, კონკრეტული ფერებით აღინიშნებოდა დახატული ადამიანის სქესი და ძალაუფლება. ძირითადად, მამაკაცები წითლად იფერებოდნენ, ქალები – კრემისფრად, ხოლო ღმერთები -ყვითლად. ყვითელი ეგვიპტეში უკვდავების სიმბოლო იყო.

კვლევების თანახმად, ყოველი ჩვენგანის ვიზუალური აღქმა ისეა მოწყობილი, რომ ფერი ყველაზე ნათლად გვამახსოვრდება. მაგალითად, მარკეტინგული კვლევების მონაცემებით, ფერი აძლიერებს ბრენდის წარმატებას 80%-მდე. ხელოვნებათმცოდნე და აუქციონერი ფილიპ ჰუკი, თავის წიგნში „Breakfast at Sotheby’s: An A-Z of the Art World“ განმარტავს, რომ აუქციონებზე ნათელი და კაშკაშა ფერებით შესრულებული ნამუშევარი ყველაზე კარგად იყიდება. ფერი ხელოვნების ყველაზე მგრძნობიარე ასპექტია, სწორედ ფერით იპყრობს ნახატი ჩვენს ყურადღებას. ფილიპ ჰუკი ამბობს, რომ დამწყები კოლექციონერი ყოველთვის იხიბლება იმპრესიონისტების ფერადი ნახატებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმპრესიონისტებმა თავიანთ შემოქმედებაში ფერის გამოყენება რევოლუციურად დაიწყეს.

Painting by Claude Monet: Water Lilies

იმპრესიონისტებმა დაიწყეს წითლის, ყვითლისა და ლურჯის შერევა კონტრასტულ ფერებთან, რითიც პალიტრის სიმძლავრეს მიაღწიეს. ისინი ყველანაირი გზით ცდილობდნენ სინათლე და მოძრაობა ფერის მეშვეობით გადმოეცათ – დაიწყეს ფერის თეორიის შესწავლა, დაინტერესდნენ ახალი ტექნოლოგიებით, შეიმუშავეს ხატვის ახალი ტექნიკა და დაიწყეს სინთეტიკური პიგმენტების გამოყენება.

Painting by August Macke: Promenade

ექსპრესიონისტების დაჯგუფების, „ლურჯი მხედარის“, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ავგუსტ მაკემ, ფერის გამოყენება საკუთარი ემოციების გადმოსაცემად დაიწყო. მის დაჯგუფებას მალე ვასილი კანდინსკი შეუერთდა, კანდინსკის ნახატები ხელოვნებაში ფერების სიძლიერის კარგი მაგალითია. ვასილი კანდინსკი წიგნში „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“ წერდა: „ფერი ფორმის გასაღებია, თვალი – ჩაქუჩი. სული კლავიშებიან პიანინოს ჰგავს. მხატვარი კი ის ხელია, რომელიც ეფექტური ფორმით ადამიანის სულს ამა თუ იმ გასაღების მეშვეობით აათრთოლებს“. კანდინსკი ფერებსა და მუსიკას ერთმანეთს ადარებდა და ამბობდა, როდესაც ფერს ხედავდა მუსიკა ესმოდა.

Painting by Wassily Kandinsky: Composition VII

მოდერნიზმში წამყვანი ფერებია წითელი და ლურჯი. „ლურჯი ჩემი სიზმრების ფერია“ – ამბობდა ჟან მირო. შუა საუკუნეებში სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ სწორედ ლურჯი ფერი ითვლებოდა. ცის სილურჯე სისხლისფერ წითელთან კომბინაციაში „ლოცვის ფერად“ მიიჩნეოდა. ლურჯი, ისევე როგორც იასამნისფერი, რომანტიკოსების სიმბოლოდ იქნა აღიარებული. ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ლურჯი „მსოფლიოს სულის“ გამომხატველი ფერი იყო.

წითელი, ლურჯის მსგავსად, მუზეუმში ხშირად იქცევს დამთვალიერებლების ყურადღებას. აუქციონებზე პაბლო პიკასოს ყველაზე გაყიდვადი ნამუშევრები სწორედ ლურჯ და წითელ ფერებშია შესრულებული. შეიძლება ითქვას, რომ წითელი ფერის გარეშე ხელოვნების პალიტრა ნაკლებად კაშკაშა და ფერადი იქნებოდა. წითელი ფერი მხატვრის ემოციებს ხმამაღლა გადმოსცემს – წითელმა შეიძლება გამოხატოს, როგორც ხელოვანის სიყვარული, ასევე ტკივილიც. ხელოვნების ისტორიაში, წითელი თამამი, ენერგიული და ძლიერი ემოციების გამომხატველი ფერია. საუკუნეების მანძილზე, წითელი გამოხატავდა, როგორც სიძლიერესა და სიმდიდრეს, ასევე ცბიერებას და ბოროტებას. ანტიკურ პერიოდში, ძველ რომსა და საბერძნეთში, მხოლოდ იმპერატორების პრივილეგია იყო მეწამული ფერის ტარება. მეწამული მეტად მდიდრული ფერი იყო პიგმენტის სიძვირისა და მისი იმპერიასთან ასოცირების გამო. ამიტომაც, აღმოსავლელი ხატმწერები ხშირად იყენებდნენ მას ქრისტესა და ღვთისმშობლის სამოსელის დასახატად.

მხატვრების დაინტერესებას ფერების ფსიქოლოგიით ხელი შეუწყო გერმანელმა მოაზროვნემ, იოჰან ვოლფგანგ გოეთემ, რომელმაც „ფერთა თეორია“ შეიმუშავა. მისი აზრით, თითოეულ ფერს საკუთარი ხასიათი აქვს და მისი ამოცნობა ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. გოეთეს თეორია ფერებს ბუნებას უკავშირებს. თეორიის მიხედვით, ადამიანს საკუთარი ემოციებით შესწევს უნარი, დაინახოს ბუნების ცვლილების ფერებით სავსე მუდმივი პროცესი. გოეთეს „ფერთა თეორია“ საფუძვლად დაედო ისეთ მიმდინარეობებს, როგორებიცაა ფოვიზმი, ორფიზმი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და სხვა. ფერების დახმარებით სხვადასხვა საუკუნის მხატვრებმა შეძლეს ნახატებისთვის დინამიურობის ილუზია მიენიჭებინათ. ფერების თეორიებით შთაგონებულები იყვნენ ვინსენტ ვან გოგი, პიტ მონდრიანი, ანრი მატისი და სხვები.