ქალები, რომლებმაც ელექტრონული მუსიკის ისტორია დაიწყეს

ელექტრონული მუსიკის ისტორია მჭიდრო კავშირშია მეცნიერების განვითარებასთან. გარდა იმისა, რომ მეცნიერებაში ისედაც ცოტა ქალი იყო, ხშირად ნაკლებადაა ცნობილი იმ დამსახურებული მეცნიერი ქალების მოღვაწეობაც, რომლებმაც მოახერხეს და ამ სფეროში თავიანთი კვალი დატოვეს. დღეს ელექტრონული მუსიკის მზარდი პოპულარობის ფონზე, ამ ჟანრში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი შემსრულებელი იმკვიდრებს თავს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იმის შექმნაში, რასაც დღეს ელექტრონული მუსიკის სახელით ვიცნობთ, უდიდესი წვლილი სწორედ ქალებს მიუძღვით. მათი უმეტესობა მათემატიკოსობის, ფიზიკოსობის თუ ინჟინრობის პარალელურად, ბგერებსა და მუსიკას ქმნიდა.

დაფნა ორამი (1925 – 2003)
Photo Credits to Oram Collection

ის ბავშობიდან იყო გატაცებული მუსიკით და მუსიკის სამეფო კოლეჯიდან წამოსვლის შემდეგ BBC-ში ხმის რეჟისორად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, მან თანადააარსა და ხელმძღვანელობდა BBC-ის რადიოფონის სახელოსნოს. აქ ორამმა, ერთ-ერთმა პირველმა, დაიწყო ექსპერიმენტები „კონკრეტული მუსიკის“ ანუ ბუნებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული ბგერებისგან შექმნილი მუსიკის მიმართულებით. ასე დაწერა Still Point, რომელიც ორკესტრის აკუსტიკური მუსიკის ელექტრონულთან კომბინაციის პირველი ნამუშევარია. თუმცა BBC-ში სკეპტიკურად უყურებდნენ ორამის კრეატიულ ექსპერიმენტებს, ამიტომ ის მალე წამოვიდა და საკუთარი ელექტრონული მუსიკის სტუდია გახსნა. 1957 წელს დაფნამ ხორცი შეასხა თავის იდეებს გრაფიკული მუსიკასთან დაკავშირებით და შექმნა მუსიკის ერთ-ერთი პირველი სინთეზატორი – „ორამიკსი“. დაფნა ორამი ქმნიდა როგორც ორიგინალურ კომპოზიციებს, ისე სხვადასხვა ხმოვან გაფორმებას კინოსა და რეკლამისათვის.

დელია დერბიშირი (1937 – 2001)

„კონკრეტული მუსიკის“ კიდევ ერთი პიონერი, კემბრიჯის კურსდამთავრებული, დელია დერბიშირი განათლებით მათემატიკოსი და მუსიკოსი იყო. მას შემდეგ რაც Decca Records-ში სამუშაოდ არ აიყვანეს, რადგან „ქალი ხმის ინჟინერი არ სჭირდებოდათ“ , დაფნა ორამის მსგავსად მან BBC-ის რადიოფონის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, სადაც ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო. დელია ცნობილი გახდა ლეგენდარული სერიალის Doctor Who-ს მუსიკალური თემის არანჟირებისთვის. მელოდიის კომპოზიტორი რონ გრაინერი იყო, დელიამ კი კომპოზიციას დაუვიწყარი ელექტრონული ბგერები და ფორმა მისცა, რითაც იმდენად შეცვალა ის, რომ გრაინერმა ძლივს იცნო საკუთარი ნაწარმოები. თუმცა, გრაინერის მცდელობის მიუხედავად, იმ დროს არსებული საავტორო წესების გამო მას არ მისცეს უფლება დერბიშირი კომპოზიციის თანაავტორად მიეთითებინა. დელია დერბიშირის ბევრი ადრეული კომპოზიცია ანონიმური დარჩა, რადგან მათზე მხოლოდ „BBC-ის რადიოფონის სახელოსნოს“ სახელს უთითებდნენ. დერბიშირი ხშირად მუშაობდა ფილმებისა და სპექტაკლების საუნდთრექებზე და უთანამშრომლია ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორიც იყო პოლ მაკარტნი, ენტონი ნიული და ა.შ.

ვენდი კარლოსი (1939- )
Photo Credits to Oxford University Press

ვენდი კარლოსი განათლებით ფიზიკოსი და მუსიკოსია. მან დიდი წვლილი შეიტანა Moog-ის სინთეზატორის შექმნაში და იყო მუსიკალური სინთეზატორების ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი და მხარდამჭერი. მან Moog-ის დახმარებით შექმნა ბაროკოს კლასიკური მუსიკის რეპროდუქციები და გამოუშვა ცნობილი ალბომი „Switched-On Bach“, რომელმაც მას Grammy Award-ის 3 ჯილდო მოუტანა. ალბომის წარმატებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სინთეზატორის პოპულარიზაციას. ამ ინსტრუმენტმა კი თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ელექტრონული მუსიკის კონცეპტის მსმენელებისთვის წარდგენის პროცესში.

ვენდი კარლოსის კომპოზიციები გამოყენებულია ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა სტენლი კუბრიკის „მექანიკური ფორთოხალი“ და „ნათება“, ასევე დისნეის „ტრონი“.

ლაური შპიგელი (1945 – )
Photo Credits to Stan Bratman

ელექტრონული მუსიკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ამერიკელი კომპოზიტორი ლაური შპიგელი, რომელიც ცნობილია იმისთვის, რომ მუსიკის შექმნის პროცესში ალგორითმული ლოგიკა გამოიყენა. მან შექმნა პროგრამა Music Mouse – „ინტელექტის მქონე ინსტრუმენტი“, რომელიც Mac-ის, Atari-სა და Amiga-ს კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის „ინტელექტი“ მასში ჩაშენებულ აკორდებსა და მუსიკალური სტილის განსაზღვრის უნარში გამოიხატება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მუსიკის სხვა ასპექტებზე კონცენტრირდეს. 2012 წელს შპიგელმა თავისი პროგრამა Mac OS 9-თვისაც განაახლა.

1977 წელს შპიგელის კომპოზიცია “Harmonices Mundi”( “Kepler’s Harmony of the World”) NASA-ს ვოიაჟერის „ოქროს დისკზე“ მოხვდა და კოსმოსში გაიგზავნა (ქართულ „ჩაკრულოსთან“ ერთად). Harmonices Mundi შპიგელმა მე-17 საუკუნის გერმანელი ასტრონავტის, იოჰან კეპლერის, პლანეტების ბრუნვის კონცეპტის მიხედვით შექმნა.

სიუზან ჩანი (1946 – )
Photo Credits to Karel Chladek

სიუზან ჩანი განათლებას ბერკლიში იღებდა, პარალელურად კი მუსიკის სინთეზატორებთან მუშაობდა და კომპიუტერით გენერირებულ მუსიკას შეისწავლიდა. 1974 წელს მანდ დააარსა კომპანია Ciani Musica, რომელიც ძირითადად რეკლამებისა და ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილ მუსიკასა და ხმოვან ეფექტებს ქმნიდა. მათ შორის კი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Coca-Cola, American Express, AT&T და General Electric. სიუზან ჩანი ცნობილია როგორც Coca-Cola-ს, ყველასთვის ნაცნობი, ბოთლის გახსნის ხმის შემქმნელი.

ჩანმა ასევე დაარსა new-age-ის ჟანრის მუსიკის ელექტრონული ცენტრი. თუმცა ცენტრმა ვერ მოიპოვა სპონსორები, რადგან ისინი არ ენდობოდნენ ქალს, რომელიც მუსიკას იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილ ინსტრუმენტზე წერდა. თუმცა მოგვიანებით, new-age-ის ჟანრში შექმნილი კომპოზიციებისთვის სიუზან ჩანმა ხუთი Grammy Award-ის ჯილდო მოიპოვა და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ ელექტრონულ მუსიკოსად ითვლება.