ლონდონის მოდის კვირეული ციფრული და გენდერულად ნეიტრალური იქნება

მილანისა და პარიზის მოდის კვირეულები, რომელის ფარგლებშიც 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის კოლექციების ჩვენება უნდა მოწყობილიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის მოდის საბჭომ განაცხადა, რომ ლონდონის მოდის კვირეული გაიმართება. განცხადების თანახმად, ორგანიზაცია აპირებს ქალისა და მამაკაცის კოლექციების ერთ პლატფორმაზე გაერთიანებასა და მისთვის გენდერულად ნეიტრალური სახის მიცემას. მოდის კვირეული 12 ივნისს დაიწყება და ჩვენება ციფრულად გაიმართება. იგი ღია იქნება არა მხოლოდ ინდუსტრიის საზოგადოების წევრებისათვის, არამედ მომხმარებელთა ფართო აუდიტორიისთვისაც.

Photo Credits to Niklas Halle’n

„კულტურული მოდის კვირეულის პლატფორმის შექმნით, ჩვენ ვცდილობთ, ციფრული ინოვაცია საუკეთესოდ მოვარგოთ ჩვენს დღევანდელ საჭიროებებს.“ – აცხადებს ბრიტანული მოდის საბჭოს წარმომადგენელი – კაროლინ რაში.

მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ლონდონის მოდის კვირეულის ციფრული ფორმატის შესახებ ჯერ ბოლომდე არ საჯაროვდება, ბრიტანეთის მოდის საბჭოს საშუალებით ცნობილი ხდება, რომ მაყურებელი, ყველაფერთან ერთად, უნდა ელოდეს ინტერვიუებს, პოდკასტებსა და ვებინარებს.