მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის “World Press Photo” 2020 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს. ჟიურიმ 120 ქვეყნის სხვადასხვა ფოტოგრაფის 5 ათასი ფოტო განიხილა. მთავარი პრიზი იაპონელმა ფოტოგრაფმა, იასუიოში ჩიბამ (Yasuyoshi Chiba) მოიგო. მან სუდანში ერთ-ერთი პროტესტი დააფიქსირა: ფოტოზე გამოსახულია აქციის მონაწილე, რომელიც სუდანის ქალაქ ხარტუმში, 2019 წლის ერთ-ერთი პროტესტის დროს ლექსს კითხულობს.

გამარჯვებული ფოტოგრაფის თქმით, საპროტესტო ადგილი სრულიად სიბნელეს ჰქონდა მოცული, როდესაც მოულოდნელად ადამიანებმა ტაშის დაკვრა დაიწყეს. მობილურების განათების დახმარებით, ცენტრში ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა, რომელიც საპროტესტო ლექსს იმპროვიზირებულად კითხულობდა. ფოტოგრაფის თქმით, ბიჭის სახის გამომეტყველებამ და ხმამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც შთააგონა ფოტო გადაეღო.


