ცნობილი ადამიანები, რომლებიც შთაგონებას თვითიზოლაციაში პოულობდნენ

დღეისთვის მთელ მსოფლიოში მთავარი თემა, რა თქმა უნდა, კორონავირუსი და პანდემიის გამო გამოწვეული თვითიზოლაციაა. XXI საუკუნის პანდემიამ ადამიანები აიძულა დღის უმეტესი ნაწილი თვითიზოლაციაში გაატარონ და მოტივაცია სახლში იპოვონ. იმისათვის, რომ თვითიზოლაციისგან გამოწვეული მოწყენილობა დავამარცხოთ და მოტივაციით დავიმუხტოთ, საჭიროა გადავხედოთ ისტორიას, რომელიც გვაწვდის ფაქტებს გამორჩეული ადამიანების შესახებ, ვინც შთაგონება სწორედ თვითიზოლაციის დროს იპოვა – იქნებოდა ეს იძულებითი თუ ნებაყოფლობითი იზოლაცია. შესაძლოა, წარმოდგენილი ისტორიები, იმედისმომცემი აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ პანდემიისა და თვითიზოლაციის რთული პერიოდიდან შეუძლებელია რაიმე კარგი წარმოიქმნას.

ისააკ ნიუტონი
Painting by Godfrey Kneller

ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი ისააკ ნიუტონი გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო, როდესაც „მიზიდულობის კანონის“ შესახებ თეორიები დაებადა. 1665 წელს, როცა ნიუტონი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ლონდონში ეპიდემია მძვინვარებდა. სასწავლო დაწესებულებები დაიკეტა, რის გამოც 24 წლის ისააკ ნიუტონი იძულებული იყო დაეტოვებინა უნივერისტეტის კამპუსი და ბავშვობის სახლს დაბრუნებოდა. მას იზოლაციაში ყოფნა 18 თვის განმავლობაში მოუწია, სწორედ ასე მან სერიოზული გამოკვლევების ჩატარება დაიწყო და უმნიშვნელოვანესი თეორიები ჩამოაყალიბა.

ვიქტორ ჰიუგო
Photo by Nadar

ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი ვიქტორ ჰიუგო 1851 წელს იმედგაცრუებული იყო საფრანგეთში შექმნილი ვითარების გამო. ის ეწინააღმდეგებოდა ნაპოლეონ III-ის პოლიტიკას, რის გამოც პრობლემები შეექმნა და სასჯელის ასაცილებლად გადაწყვიტა სხვა ქვეყანაში გადასახლებულიყო. საზოგადოებისგან იზოლაციამ მწერალი ინგლისის არხში არსებულ კუნძულ ჯერსიმდე მიყვანა. „საბრალონის“ წერა მან იზოლაციამდე დაიწყო, თუმცა სწორედ საზოგადოებისგან მოშორებით ცხოვრებამ მისცა მწერალს შთაგონება ნამუშევარი დაესრულებინა. მან თითქმის 20 წელი გაატარა მშობლიური ქვეყნის მოშორებით და სწორედ ასე დაწერა დიდი შედევრები.

უილიამ შექსპირი
Painting by John Taylor

ამბობენ, რომ უილიამ შექსპირმა პიესა „მეფე ლირი“ კარანტინში ყოფნის დროს დაწერა. მართალია, ამის დამამტკიცებელი პირდაპირი საბუთი ჯერ არ მოიპოვება, თუმცა ის ფაქტი, რომ შექსპირმა „შავი ჭირის“ ეპიდემიის რამდენიმე პერიოდი გადაიტანა უდავოა. ლონდონში ხშირად აცხადებდნენ კარანტინს, რის გამოც საზოგადოებრივი შეკრების ადგილები იკეტებოდა და ხალხს თვითიზოლაცია უწევდა. მიიჩნევენ, რომ შექსპირმა პიესა „ვენერა და ადონისი“ სწორედ იმ პერიოდში დაწერა, როდესაც ეპიდემიის გამო ლონდონის ყველა თეატრი დაკეტილი იყო. რაც შეეხება „მეფე ლირს“, მისი პრემიერა 1606 წლის ბოლოს შედგა, სწორედ იმ დროს, როცა ზაფხულში მომხდარი ეპიდემიის კარანტინი ახალი დამთავრებული იყო.

ჯოვანი ბოკაჩო

ჯოვანი ბოკაჩო, რენესანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების, „დეკამერონის“ ავტორი იძულებული იყო თვითიზოლაციაში ემუშავა. მისი თვითიზოლაცია მოგვიანებით „დეკამერონში“ აისახა. ნაწარმოების მოქმედება ფლორენციაში ვითარდება, მაშინ როცა ქალაქში შავი ჭირი მძვინვარებს. ათი ახალგაზრდა გადაწყვეტს, გაექცეს ფლორენციაში გამეფებულ ჭირს და დრო საზოგადოებისგან მოშორებით გაატაროს. ბოკაჩო, მისი პერსონაჟების მსგავსად, გადაურჩა 1348 წლის ეპიდემიას.

მარკ ტვენი
Photo Credits to A.F. Bradley

ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი მარკ ტვენი 1867 წელს იტალიას ესტუმრა, სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში ქოლერის ეპიდემია დაიწყო. ამ მოგზაურობის შემდეგ მარკ ტვენმა დაწერა წიგნი „უდანაშაულოები უცხოეთში“. სირიაში მოგზაურობისას მწერალს ქოლერა შეეყარა, თუმცა იგი ყოველთვის ინარჩუნებდა მისთვის ჩვეულ იუმორსა და პოზიტიურ განწყობას, რითიც დაავადების დამარცხება შეძლო.

ფრიდა კალო
Image via Library of Congress

ცნობილმა მექსიკელმა მხატვარმა ფრიდა კალომ ცხოვრების მანძილზე უამრავი ტრაგედია გადაიტანა, რაც მის ნახატებშიც აისახა. 1926 წელს, 19 წლის ასაკში ტრაგიკულმა შემთხვევამ დააზიანა კალოს ხერხემალი და მხატვარი რამდენიმე თვით საწოლს მიაჯაჭვა. ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთმა რთულმა პერიოდმა ფრიდას ხელოვნება კიდევ უფრო შეაყვარა. მექსიკელმა მხატვარმა, ოჯახის წევრების დახმარებით, საწოლში სამუშაო სივრცე მოიწყო, სადაც მნიშვნელოვანი ნახატები შექმნა.

ედვარდ მუნკი
Painting by Edvard Munch

ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი ცხოვრობდა პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო „ესპანური გრიპის“ პანდემიამ მოიცვა. 1918 წელს ევროპაში გლობალური პანდემია გამოაცხადეს, რასაც საგანგებო მდგომარეობა მოჰყვა. ედვარდ მუნკს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ამიტომ მას გრიპი შეეყარა. სწორედ ეს ამბავი გამოხატა მან ნახატში „ავტოპორტრეტი ესპანური გრიპის შემდეგ“. ცნობილმა მხატვარმა სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად ურთულესი დაავადება დაამარცხა და შედევრების შექმნა განაგრძო.