ბულტერიერი ჯიმი ჩუ და მისი პატრონი რაფაელ მანტესო ინტერნეტის ნამდვილი ვარსკლავები გახდნენ. ბრაზილიელი ხელოვანი რაფაელ მანტესო ქმნის დაუვიწყარ ფოტოებს, რომლებშიც ბულტერიერი მთავარი გმირია. დროთა განმავლობაში, ჯიმი ჩუს და რაფაელის პოპულარობა გაიზარდა, დღეისთვის ინსტაგრამზე მათ 600 ათასამდე გამომწერი ჰყავთ. გარდა ამისა, ხელოვანმა გამოსცა წიგნი სახელად „A Dog Named Jimmy“, რომელიც საუკეთესო მეგობარ ბულტერიერს მიუძღვნა. რაფაელ მანტესომ ჟურნალ „თორმეტთან“ თავის ნამუშევრებზე ისაუბრა.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
ყველაფერი ჩემი განქორწინებით და ცარიელ სახლში დარჩენით დაიწყო. გადავწყვიტე ავეჯი არ მეყიდა, რადგან ახალ სახლში გადასვლა მინდოდა, მაგრამ არ მომწონს ცარიელი სახლის ექო და თეთრი კედლები, ამიტომ ცარიელ კედლებზე ხატვა დავიწყე. ბევრს ვხატავდი, ჩემი ძაღლი კი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ერთ დღესაც ხატვა იატაკზე მჯდომი ჯიმის გარშემო დავიწყე. ყველაფერი აქედან იწყება.
როგორ იღებთ შთაგონებას თქვენი ნამუშევრებისთვის, თქვენი ფოტოები სპონტანურია თუ ყველაფერს წინასწარ გეგმავთ?
ყველაფერი, რასაც დღის განმავლობაში ვაკეთებ, ჩემი შთაგონების წყაროა: როდესაც საჭესთან ვარ, როდესაც მივდივარ საყიდლებზე, დავრბივარ, ვჭამ, ყოველდღიური ცხოვრების დეტალები და პოპ-კულტურა შთამაგონებს.
რა გინდათ უთხრათ სამყაროს თქვენი შემოქმედებით?
ბულტერიერები გასაოცარი ცხოველები არიან. ასპერგერის სინდრომიან ადამიანსა და ძაღლს შორის უძლიერესი კავშირია. ვერაფერი შეუშლის ხელს ადამიანს გახდეს წარმატებული.
მოგვიყევით მოკლედ თქვენი წიგნის – „A Dog Named Jimmy“-ს, შესახებ.
ეს წიგნი გამოხატავს ჩემს სიყვარულს ჩემი ძაღლისადმი. მე მადლობას ვუხდი ჯიმი ჩუს ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.