ჯაზის შემსრულებელი დაუფასებელი ქალები

ჯაზის, როგორც მუსიკალური ჟანრის განვითარება ხშირად მამაკაც შემსრულებლებთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, ჯაზის ისტორიამ არაერთი ქალი შემსრულებლის ისტორია შემოგვინახა, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს არა მხოლოდ მუსიკალური სტილის დახვეწასა და განვითარებაში, არამედ მის პოპულარიზაციაშიც. ქალებთან დაკავშირებით გავრცელებული სტერეოტიპები და სექსისტური განწყობა საზოგადოების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, მუსიკოსი ქალების ჩრდილში ყოფნის მიზეზი ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჯაზში ქალთა განსაკუთრებული როლი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც მათ შეძლეს საომრად წასული მამაკაცების მიერ დატოვებული „სიცარიელის“ ამოვსება და მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლა.

ლოვი ოსტინი, პიანისტი (1887-1972 წწ.)

ლოვი ოსტინი აკომპანირებას უწევდა იმგვარ შემსრულებლებს, როგორებიც იყვნენ მა რეინი და ეთელ უოთერსი. მის მიერ შესრულებული რამდენიმე სიმღერა ჰიტადაც იქცა, მათ შორის „Down Hearted Blues“, რომლის 800 000 ასლი გაიყიდა. ამასთან, ცნობილია, რომ ჩიკაგოში მცხოვრები ოსტინი ჰარლემის რენესანსის მოძრაობის წევრიც იყო. ხსენებული მოძრაობის დიდი დამსახურებაა ამერიკულ კულტურაში აფრო-ამერიკელებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გაქრობის პროცესის დაწყება.

ლილ ჰარდინ არმსტრონგი, პიანისტი (1898-1971 წწ.)

ლილ ჰარდინი მომავალ ქმარს – ლუი არმსტრონგს 1922 წელს შეხვდა, კინგ ოლივერის ცნობილ ბენდ Creole Jazz Band-ში. ჰარდინი, რომელიც ფისკის უნივერსიტეტში სწავლობდა არმსტრონგს წინსვლასა და განვითარებაში ეხმარებოდა. ჰარდინის წყალობით, არმსტრონგმა მოახერხა ბენდის ლიდერად ქცეულიყო. ამასთან, ჰარდინივე გახდა მისი პირველი მენეჯერი. მუსიკოსი ქალი უწევდა არმსტრონგს აკომპანირებას უწევდა და ხშირად, არმსტრონგის თანაკომპოზიტორადაც გვევლინება. 1930 წლის შემდგომ, როდესაც მუსიკოსები განქორწინდნენ, ჰარდინმა წარმატება თავის მიერ ჩამოყალიბებულ დიდ ბენდში ჰპოვა, საიდანაც შემდგომში წამოვიდა. წამოსვლის ძირითადი მიზეზი მამაკაცების მხრიდან ქალების არასრულფასოვან მუსიკოსებად აღქმის სტერეოტიპული დამოკიდებულება გახდა.

ვალაიდა სნოუ, მესაყვირე (1904-1956 წწ.)

ვალაიდა სნოუ პროფესიონალი საყვირის შემსრულებელი იყო. ამასთან, იგი უკრავდა კიდევ 12 სხვა ინსტრუმენტზე, მღეროდა, არანჟირებას უწევდა ორკესტრებს, ცეკვავდა. გარდა ამისა, მისი ხილვა ჰოლივუდის ძველ ფილმებშიცაა შესაძლებელი. როდესაც ამერიკელმა კომპოზიტორმა – უილიამ კრისტოფერ ჰენდიმ სნოუს შესრულება მოისმინა, მას „საყვირის დედოფალი“ უწოდა. ამერიკელმა სნოუმ საკმარისი აღიარება ვერ ჰპოვა ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში, სამაგიეროდ, იგი ვარსკვლავად იქცა საზღვარგარეთ და მას წლების განმავლობაში ჰქონდა ტურები ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი დანიაში დაჭრეს, სადაც ტყვედ ყოფნისას მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. იგი 1942 წელს გამოიქცა და მთელი დარჩენილი ცხოვრება აშშ-ში გაატარა.

პეგი გილბერტი, საქსოფონისტი (1905-2007 წწ.)

პეგი გილბერტს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ საქსოფონი ახალგაზრდა ქალისთვის შეუფერებელი იყო. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, მან ჩამოაყალიბდა თავისი პირველი ბენდი – Melody Girls. 1983 წელს ჟურნალმა DownBeat-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „რატომ არიან ქალები დაბალი ხარისხის შემსრულებლები“, რაც გილბერტმა გააკრიტიკა და აღნიშნულ სტატიას რეცენზიაც მიუძღვნა, რომელიც შემდგომში, ჟურნალმა სრული სახით გამოაქვეყნა. ხსენებულ რეცენზიაში მუსიკოსი წერდა, რომ ქალი შემსრულებლები, არსებულთან შედარებით, ათასჯერ მეტად უნდა დაფასებულიყვნენ, ქალებს იმაზე ბევრად მეტი ნიჭიერება ჰქონდათ, ვიდრე ამას საზოგადოება ხედავდა. გილბერტმა მომდევნო წლებში პოპულარობის მოპოვება და ლოს-ანჯელესის სცენაზე თავის დამკვიდრება შეძლო. იგი გამოსვლებს 90 წლამდე განაგრძობდა, 102 წლის ასაკში კი გარდაიცვალა.

უნა მაე კარლაილი, პიანისტი (1915-1956 წწ.)

მიუხედავად იმისა, რომ უნა მაე კარლაილმა სახელი სიმღერით გაითქვა, იგი ფორტეპიანოს უბადლო შემსრულებელი იყო და ამასთან, საკმაოდ კარგად ართმევდა თავს კომპოზიტორულ საქმიანობასაც. კარლაილი პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელიც ბილბორდის ჩარტებში არსებული სიმღერის კომპოზიტორი იყო და ამასთან, პირველი აფრო-ამერიკელიც, რომელიც უძღვებოდა საკუთარ რეგულარულ, ნაციონალურ სამაუწყებლო რადიო შოუს. მან სიმღერები დაწერა ისეთი ცნობილი ადამიანებისათვის, როგორებიც იყვნენ ბენი გუდმენი და პეგი ლი. ამას გარდა, კარლაილმა საკუთარი სიმღერებიც ჩაწერა, რომლიც პოპულარული გახდა. თუმცა, დაავადებამ ხელი შეუშალა მის კარიერულ წინსვლას და იგი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯინჯერ სმოკი, მევიოლინე (1920-1995 წწ.)

6 წლის დაობლებული სმოკი დეიდამ და ბიძამ გაზარდეს. მან საკუთარი ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა. 10 წლის ასაკში მან Hollywood Bowl-ში დაუკრა, ერთი წლის შემდეგ კი სოლო კონცერტი გამართა ლოს-ანჯელესის აფრიკის პირველ მეთოდისტურ საეპისკოპოსო ეკლესიაში. სულ მალე იგი ჯაზის ცნობილი წარმომადგენლის, სტაფ სმიტის შეგირდი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ მუსიკოსი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ მუსიკოსად იქცა. 1951 წელს მის მიერ დაკომპლექტებული ბენდი პირველი შავკანიანთა ბენდი გახდა, რომელიც რეგულარულ სატელევიზიო პროგრამას უწევდა აკომპანირებას.

დოროთი დანგანი, პიანისტი (1922-1998 წწ.)

დოროთი დანგანი პიროვნული თვალსაზრისით იმდენადვე დიდი და გამორჩეული იყო, რამდენადაც ნიჭიერებით. მას ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი აღეფრთოვანებინა მრავალრიცხოვანი აუდიტორია. 1943 წელს იგი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ჩიკაგოში არსებულ Orchestra Hall-ში გამართა კონცერტი. მუსიკოსზე ჟურნალ Time-ში დაიბეჭდა, რამაც უფრო მეტად შეუწყო ხელი მის პოპულარიზაციას. თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება მის სქესთან და რასასთან მიმართებით, მისი კარიერული წინსვლისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ 50 წლის შემდეგ, მან თეთრ სახლში დაუკრა, პრეზიდენტ ბილ კლინტონისათვის.

იუტა ჰიპი, პიანისტი (1925-2003 წწ.)

იუტა ჰიპი, რომელიც წარმოშობით გერმანიიდან იყო ჯაზის ხელოვნებას ბავშვობიდანვე დაეუფლა, როდესაც ჯერ კიდევ მესამე რაიხის პირობებში ცდილობდა საერთაშორისო რადიო მაუწყებლობებისათვის მალულად მოესმინა. 21 წლის ასაკში იგი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. ჰიპი მაქსიმალურად ცდილობდა, პროფესიონალ ჯაზ შემსრულებლად და პიანისტად ჩამოყალიბებულიყო, რასაც მიაღწია კიდეც. პიანისტი პირველი მუსიკალური ბენდის ლიდერი ქალი გახდა, რომელმაც სიმღერა Blue Note Records-ში ჩაწერა.

წყარო: The New York Times