ბენდმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი ალბომი ჩაწერა

Four Dimensional Monster Lobsters ქართული ბენდია, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. მუსიკოსები საკუთარ შემოქმედებას კონკრეტულ ჟანრს არ მიაკუთვნებენ, რადგან ცდილობენ არ მოექცნენ ჩარჩოებში და ყოველ ახალ კომპოზიციას სხვადასხვა ელემენტი დაამატონ. Four Dimensional Monster Lobsters ოთხი წევრისგან შედგება: კონსტანტინე ანთელავა, ბექა თევდორაშვილი, სანდრო ფაილოძე და თენგო ნოზაძე. ბენდის წევრები ერთმანეთს სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან იცნობდნენ, ამიტომ ერთმანეთს კარგად გაუგეს და ახალი ბენდის შექმნაზე ფიქრი მალევე დაიწყეს. იმავე წელს მათ სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Oldschool Сartoon გამოსცეს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება პროექტ Tbilisi Newcomers 2019-ში გამარჯვებამ მოუტანა. გამარჯვების შემდეგ, მათ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე და Park Fest-ზე დაუკრეს, ჩაატარეს რამდენიმე წარმატებული კონცერტი.

14 კომპოზიციისგან შექმნილ ახალ ალბომს Solitary Days Of Alien Abduction ჰქვია. მუსიკოსები ალბომზე არეულად მუშაობდნენ, თუმცა მისი ჩაწერის აზრი სექტემბერში გაუჩნდათ. ბენდის წევრის, კონსტანტინე ანთელავას აზრით, ახალ ალბომში მსმენელს ჟანრობრივად მსგავსი სიმღერები ელოდება, თუმცა ყოველი კომპოზიცია ერთმანეთისგან სხვადასხვა ელემენტით განსხვავდება.

„სიმღერის წერის პროცესს განსხვავებულად მივუდექით. ჩემი აზრით, ახალი ალბომი ბევრად უფრო ემოციურია. ალბომში შედის როგორც ყველაზე სევდიანი სიმღერები, ასევე ყველაზე აქტიური სიმღერები. გარდა ამისა, მგონია რომ მომენტებში ძალიან გულახდილი ტექსტებია და ეს განასხვავებს ახალ ალბომს ყველაფრისგან, რაც მანამდე ჩაგვიწერია.“
Four Dimensional Monster Lobsters-ის ალბომი Solitary Days Of Alien Abduction ხელმისაწვდომია პლატფორმებზე Spotify, iTunes და Deezer.

Spotify | iTunes Deezer