Tbilisi Underground – დოკუმენტური ფილმი ქართველ მუსიკოსებზე | ინტერვიუ რეჟისორთან

ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა, ონიკ ჯეიმს კრიკორიანმა დოკუმენტური ფილმი Tbilisi Underground გადაიღო, რომელიც ქართველი მუსიკოსების შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. ჟურნალ „თორმეტთან“ ინტერვიუში ფილმის ავტორმა ისაუბრა გადაღების დეტალებზე და იმაზე, თუ რისი თქმა სურდა თავისი ნამუშევრით.

თავდაპირველად, თბილისის ღამის ცხოვრების ფოტოგრაფიით იყავით დაკავებული, შემდეგ კი დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა დაგებადათ, რა იყო თქვენი შთაგონება?

ფილმის გადაღების იდეა შემთხვევით დამებადა. წლების განმავლობაში, სერიოზულ თემებზე ვმუშაობდი და ამ ყველაფრისგან დასვენება მომინდა. თავისუფალ დროს ყოველთვის მომწონდა მუსიკოსებისთვის ფოტოების გადაღება, რამდენიმე სტატიაც დავწერე და საერთაშორისო მედიისთვის 3-5 წუთიანი ვიდეოებიც გადავიღე. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ დრო იყო უფრო დიდ და კონკრეტულ თემაზე აგებული პროექტი დამეწყო. ვგრძნობდი, რომ აუცილებელი იყო მსგავსი ფილმის გადაღება, რადგან საქართველოში ელექტრონულ მუსიკას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე სხვა ჟანრებს. ეს სწორად არ მიმაჩნია, რადგან მგონია რომ, ელექტრონული მუსიკა ყველას არ მოსწონს. გარდა ამისა, რაც მუსიკას საინტერესოს ქმნის, მისი მრავალფეროვნებაა. რატომ არავინ ლაპარაკობს პანკებზე? მეტალჰედებზე? ჰიპ-ჰოპის თაყვანისმცემლებზე? მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, რომ არ შეიძლება მხოლოდ ბორშის ჭამით იცხოვრო.

როგორც ცნობილია, დოკუმენტური ფილმის მთავარი ფოკუსი ორ ბენდზეა – Psychonaut 4 და Vodka Vtraiom, რა კრიტერიუმებით აირჩიეთ კონკრეტულად ეს ბენდები?

არასოდეს მქონია რაიმე დაზუსტებული გეგმა, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ფილმის გადაღების დროს, 14-15 თვის განმავლობაში, ათობით ბენდი გადავიღე, მაგრამ ფილმში ყველას ჩართვა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ფილმს სჭირდება კონკრეტული მიმართულება, რათა მაყურებლისთვის საინტერესო იყოს. გასულ წლამდე, არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ Psychonaut 4-ს გადავიღებდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისინი არც ისე ცნობილები არიან საქართველოში. მათ კონცერტები უკვე 24 ქვეყანაში აქვთ ჩატარებული, რუსეთში სცენაზე ქართული დროშითაც კი გამოდიან. მათ იცნობენ მექსიკაში და ინგლისშიც კი, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. ერთხელ გერმანელი ქალი გავიცანი, რომელმაც Psychonaut 4 Youtube-ზე აღმოაჩინა, შემდეგ პრაღაში მათ კონცერტს დაესწრო და ასე აღმოაჩინა საქართველო, საბოლოოდ საქართველოში ჩამოსვლა და მოხალისეობის გზით ბავშვების დახმარებაც გადაწყვიტა. Vodka Vtraiom ცხადყოფს, თუ როგორი გავლენა აქვს ქართულენოვან თანამედროვე მუსიკას მსმენელზე და რამდენად მნიშვნელოვანია სიმღერის ტექსტი. ორივე ბენდს დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მაგრამ დათანხმდნენ მათი რეპეტიციები და კონცერტები გადამეღო.

ასევე აღვნიშნავ, რომ ფილმში დრო ეთმობა ისეთ ბენდებსაც, როგორებიცაა: Scratch The Floor, დაგდაგანი, პანიკა, ინტერვალი, Every Dog Has It’s Day, VasGorShalRud და სხვები. განსაკუთრებულად მომწონს, როგორ უწოდებენ VasGorShalRud საკუთარ მუსიკას “Khinkali Goregrind”. მათი ვოკალისტი ღორის ფორმით გამოდის სცენაზე, ხოლო გიტარისტებს დამცავი კოსტიუმები აცვიათ, თითქოს ყოველთვის მზად იყვნენ კორონავირუსის პანდემიისთვის. როგორ შეიძლებოდა ასეთი ბენდი არ გადამეღო?

მომწონს როგორი დამოკიდებულებაა ფანებსა და ბენდებს შორის. მაგალითად, მაკო გომური, რომელსაც ყოველთვის უყვარდა Vodka Vtraiom, ახლა დაკვრას მათთან სწავლობს, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე თვალი დაკარგა.

რისი თქმა გსურთ საზოგადოებისთვის თქვენი ნამუშევრით?

საქართველოს მუსიკალური სცენა მრავალფეროვანია. ადამიანებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც ელექტრონული მუსიკის გარდა სხვა ჟანრებს ასრულებენ. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია. ქართველი მუსიკოსები კონცერტებს ატარებენ, ამიტომ ყველას შეუძლია, პრობლემების მიუხედავად, გაერთოს და მიიღოს სიამოვნება. რადგან მთავარი აქცენტი ელექტრონულ მუსიკაზე კეთდება, ცოცხალი მუსიკის შესრულებისთვის ნაკლები ადგილი რჩება. მუსიკოსები ყველაფერს სიყვარულითა და ერთგულებით აკეთებენ. უმეტესობა ალბათ ფულსაც კარგავს. მნიშვნელოვანია, მათ შესახებ ყველამ გაიგოს და სიტუაცია გამოსწორდეს. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ Tbilisi Underground ეძღვნება მაკა ვეკუას, Creator Bar-ის მეპატრონეს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ადგილობრივი ბენდების დასახმარებლად. მაკა ვეკუა, სამწუხაროდ, ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

რა გეგმები გაქვთ მომავალში, აპირებთ გააგრძელოთ თბილისის მუსიკალური ცხოვრების გადაღება?

მართალია ჩემი სამსახური ეხება ადამიანების უფლებების, კონფლიქტებისა და ტერორიზმის ამბების გაშუქებას, მაგრამ მე თავისუფალ დროს მიყვარს თბილისის ცხოვრების გადაღება, ამიტომ მომავალშიც ვაპირებ ასე გაგრძელებას. ამის ერთი მიზეზი ეგოისტურია – მე უბრალოდ არ შემიძლია მუსიკის გარეშე ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ 14-15 თვის განმავლობაში დოკუმენტური ფილმის გადაღება დამღლელია, ჩემთვის ეს ყველაფერი გასართობია.

და ბოლოს, რა გიყვართ მუსიკაში?

ყველაფერი. მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. რაც უფრო მრავალფეროვანია ჟანრები, მით უკეთესი. ყველა ჟანრს ვუსმენ, დაწყებული ჯაზიდან, დამთავრებული როკამდე. ჩემი ფილმი საშუალებას მაძლევს მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფებს, რომლებმაც თავიანთი მუსიკით ჩემი და მრავალი ადამიანის ცხოვრება გაამდიდრეს.