Warner Bros. „ბუზთა ბატონის“კინოვერსიას გადაიღებს

კინოკომპანია Warner Bros.-მა უილიამ გოლდინგის ცნობილი ნოველის „ბუზთა ბატონის“ ახალი კინოადაპტაციის გადაღების უფლება 2017 წელს მოიპოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ ფილმს რეჟისორი ლუკა გუადანინო გადაიღებს, რომლის ნამუშევრებს შორისაა ოსკაროსანი ფილმი “Call me by your name”. უახლესი ინფორმაციით კი კინოვერსიის სცენარზე ახალგაზრდა მწერალი და სცენარისტი პატრიკ ნესი იმუშავებს.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, უილიამ გოლდინგმა თავისი პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი „ბუზთა ბატონი“ 1954 წელს დაწერა. ნაწარმოებში აღწერილი ავიაკატასტროფის მერე უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილი პატარა ბიჭების ამბავი გვიჩვენებს თუ როგორი დაუნდობელი და სასტიკია ცივილიზაციის ნორმებისგან გათავისუფლებული ადამიანი.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად Warner Bros გეგმავდა კუნძულზე მოხვედრილი ბიჭების როლი გოგოებს შეესრულებინათ. თუმცა საბოლოოდ გოლდინგის ნოველის მსგავსად ამბის გმირებად ბიჭების დატოვება გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ გუადანინოს ვერსია პოპულარული ნოველის პირველი კინოადაპტაცია არ იქნება. „ბუზთა ბატონის“ მიხედვით 1963 წელს ფილმი გადაიღო პიტერ ბრუკმაც, ხოლო 1963 წელს ჰარი ჰუკმა. თუმცა ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმების გამოშვება მთელ მსოფლიოშია შეფერხებული, ჯერ უცნობია როდის გამოვა პოპულარული რომანის ახალი კინოადაპტაცია.