Dior-მა 1949 წლის მოდის ჩვენების ჩანაწერი გამოაქვეყნა

წამყვანი მოდის სახლი Dior-ი თავისი არქივებიდან მაღალი მოდის (Haute-Couture) კოლექციის, 1949 წელს გამართული ჩვენების შესახებ გადაღებულ მოკლე დოკუმენტურ ფილმს ასაჯაროებს.

ფანებს შესაძლებლობა აქვთ ლეგენდარული კრისტიან დიორის ცნობილ ატელიეში იმოგზაურონ და იხილონ როგორ მუშაობდა ის თავის გუნდთან ერთად 1949 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შექმნაზე. ფილმში კოლექციის ჩვენების მთელი პროცესია ნაჩვენები: სკეჩების შექმნა, ატელიეში მუშაობა, მოდელებზე მოსინჯვა და ბოლოს, თვითონ ჩვენება.

ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო მოდის სამყაროში ყველანაირი ჩვენება გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული, ეს ვიდეო ფანებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა სახლიდან გაუსვლელად გადაეშვან მოდის სამყაროში.

„გვსურს რამენაირად შევამსუბუქოთ ეს რთული პერიოდი“ – აღნიშნავს მოდის სახლი.

14-წუთიანი ფილმი სახელად „Haute-Couture“ მოდის მოყვარულებისთვის სრულიად უფასოდ Youtube-ზეა ხელმისაწვდომი.