კომპანია Netflix ა.შ.შ.-ს ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას შესახებ დოკუმენტურ ფილმს ხელმისაწვდომს 6 მაისიდან გახდის. ფილმის რეჟისორი ნადია ჰოლგრინია. დოკუმენტურ ფილმს საფუძვლად მიშელ ობამას მემუარები “Becoming” დაედო. ყოფილი პირველი ლედის წიგნი 2018 წელს გამოვიდა და იმავე წელს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბიოგრაფიული წიგნი გახდა.
ფილმი მოგვითხრობს მიშელ ობამას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მის მოგზაურობაზე ამერიკის 34 ქალაქში, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც ობამამ ტურნეს დროს გაიცნო. ფილმის შესახებ ობამამ თავის ინსტაგრამზეც დაწერა, მან აღნიშნა როგორი მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული თვე, რომელიც სხვადასხვა ქალაქში გაატარა და ის ადამიანები, რომელთა გაცნობაც შეძლო. მიშელ ობამას თქმით, რთულ პერიოდში საჭიროა ადამიანები ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ და ერთმანეთს საკუთრი პრობლემები გაუზიარონ – ემპათიითა და ერთმანეთზე ზრუნვით ადამიანები შეძლებენ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.