ოსკარი 2021: მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ისეთ ფილმებს, რომელთა პრემიერა კინოთეატრში არ შემდგარა

კინოინდუსტრიის მთავარმა დაჯილდოებამ კორონავირუსის პანდემიის გამო წესებში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. მრავალი წელი ოსკარის მთავარი წესი იყო ფილმი სულ მცირე შვიდი დღის განმავლობაში გამოჩენილიყო დიდ ეკრანზე. არსებული პანდემიის გამო სტუდიები და კინოთეატრები დაკეტილია, ამიტომ ახალი ფილმები მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

ახალი წესის თანახმად, ფილმის შესარჩევ ეტაპზე დასაშვებად მისი ჩვენება სავალდებულოა კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ონლაინ პლატფორმაზე 60 დღის განმავლობაში. აკადემიის პრეზიდენტმა დევიდ რუბინმა და გენერალურმა დირექტორმა დოუნ ჰადსონმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, კინოს მაგიური ძალის შესაგრძნობად საუკეთესო გზა მისი კინოთეატრში ყურებაა, თუმცა რადგან მსოფლიოში მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა მათ წესების შეცვლა მოუწიათ.