სიმონ დე ბოვუარის აქამდე უცნობი ნოველა ოქტომბერში გამოქვეყნდება

ფრანგი ფემინისტი მწერლისა და ფილოსოფოსის – სიმონ დე ბოვუარის ნოველის ინგლისური ვერსია შემდგომ წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდება. ნოველის მეტად პირადული ხასიათიდან გამომდინარე, მკითხველს იგი სიმონ დე ბოვუარის სიცოცხლეში არ უხილავს.

ნოველა სახელწოდებით – „Les Inséparables“ მწერალმა თავისი საკულტო ნაშრომის – „მეორე სქესის“ დაწერიდან 5 წლის შემდეგ – 1954 წელს დაწერა. იგი მოგვითხრობს ორი გოგონას მეგობრობის ისტორიას, რომლებიც კულტურულ ნორმებს უპირისპირდებიან.
Vintage, რომელიც 2021 წელს გეგმავს დიდ ბრიტანეთში ბოვუარის ნაშრომის გამოქვეყნებას, ნოველას შემდეგნაირად აღწერს: „ეს არის ამბავი ორი ახალგაზრდა ქალის მეგობრობის შესახებ, რომლებიც მე-20 საუკუნის საფრანგეთში გავრცელებულ იდეებს ეწინააღმდეგებიან იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ქალი – უბიწო, მოკრძალებული, მორჩილი და ამასთან, ადრეული ასაკიდანვე საკუთარი სურვილებისა და ინტერესების დამთრგუნველი“.

ამბავი დაფუძნებულია ბოვუარის რეალურ ცხოვრებაზე და გვიყვება თავის მეგობარ ელიზაბეტ „ზაზა“ ლაკუაზე, რომელიც მან სკოლაში გაიცნო. ზაზა 21 წლის ასაკში ენცეფალიტისაგან დაიღუპა.

ლიტერატურული სააგენტო 2Seas-ის თანახმად, ნამუშევარი მეტად ინტიმური იყო იმისათვის, რომ ბოვუარის სიცოცხლეში გამოქვეყნებულიყო. ასევე, 2Seas-ის თანახმად, ნოველა არქივებში ახლახან აღმოაჩინა მისმა ქალიშვილმა – სილვია ლე ბონ-დე ბოვუარმა, რომელსაც ეკუთვნის წიგნის წინასიტყვაობა.

New York Times-თან ინტერვიუში ლე ბონ-დე ბოვუარი აღნიშნავს: „სიმონმა ყველა ის ნაშრომი გაანადგურა, რომლითაც უკმაყოფილო იყო. ეს ნოველა კი მას არ გაუნადგურებია. მან თავისი ნაშრომების შესახებ მითხრა, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც სწორად მივიჩნევდი“.

„Les Inséparables“-ის ინგლისური ვერსია 2021 წელს გამოიცემა, ხოლო რაც შეეხება ფრანგულ ვერსიას, მისი გამოქვეყნება საფრანგეთში, 2020 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.