მუსიკის AI გენერატორს უკვე სხვადასხვა მუსიკოსის სტილში შეუძლია კომპოზიციების შექმნა

მუსიკა ადამიანების კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომლის შექმნაშიც ცივილიზაციის ადრეული პერიოდებიდანვე ადამიანის უნიკალური შემოქმედებითობა და კრეატიულობა ვლინდებოდა. ამიტომ ყოველთვის საეჭვო იყო რომ კომპიუტერი მუსიკის შექმნის კრეატიული პროცესის არსის დაჭერას შეძლებდა.

თუმცა ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ სფეროში ახერხებს ადაპტირებას და ადამიანების ფუნქციების შეთავსებას. მაშ შორის კი სულ უფრო წინ მიიწევს ხელოვნური ინტელექტის მიერ მუსიკალური სფეროს ათვისების პროცესიც.

რამდენიმე დღის წინ, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე კვლევითმა კორპორაცია OpenAI-მ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ილონ მასკია, ახალი ხელსაწყო, მუსიკის გენერატორი „Jukebox“ წარადგინა. ეს არის ალბათ მუსიკის შექმნის კუთხით ყველაზე შთამბეჭდავი ხელოვნური ინტელექტის მქონე ხელსაწყო, რაც კი კაცობრიობას აქამდე უნახავს. Jukebox-ს შეუძლია შექმნას აბსოლუტურად ახალი მუსიკალური ნაწარმოები არათუ ნებისმიერ ჟანრში, არამედ უკვე სხვადასხვა შემსრულებლების სტილში.

„გენერატორი ქმნის მუსიკას ისეთ განსხვავებულ ჟანრებში, როგორებიცაა როკი, ჰიპ-ჰოპი და ჯაზი. მას შეუძლია გაიმეოროს არა მარტო მელოდია, რითმი და სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის ტემბრი, არამედ კონკრეტული მომღერლის სტილი და ხმაც“- ამბობენ OpenAI-ის მეცნიერები.

Jukebox-ის რეპერტუარში ბევრი ცნობილი მომღერალია, მათ შორის: ჯონ ლენონი, ელვის პრესლი, ფრენკ სინატრა, 2pac, Rihanna, Kanye West და ასობით სხვა.

ფოტოს წყარო: OpenAI-ის მოხსენება „Jukebox: A Generative Model for Music

Jukebox ხელოვნური ინტელექტის სფეროში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა ხელსაწყოს სრულყოფისთვის ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. მაგალითად, სერიოზული პრობლემაა დროის ფაქტორი, რადგან ნებისმიერი მუსიკის 1 წუთის შესაქმნელად Jukebox-ს 9 საათია სჭირდება. ამგვარად, კვლავ უდიდესი სხვაობაა კომპიუტერის მიერ გენერირებულ და ადამიანის მიერ შექმნილ მუსიკას შორის. OpenAI-ის გუნდი კი კვლავ განაგრძობს გენერირებული მუსიკის გაუმჯობესებაზე მუშაობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ნახოთ OpenAI-ის კვლევითი ნაშრომი Jukebox-ის შესახებ. Soundcloud-ზე კი Jukebox-ის მიერ შექმნილი სიმღერებისგან შემდგარი ფლეილისთია ხელმისაწვდომი: