ესპანეთში აქამდე უცნობი კინორეჟისორი ქალის ფილმი აღმოაჩინეს

გადაღებიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინეს ესპანეთში რეჟისორი ქალის დოკუმენტური სახის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის სახელწოდებაა – Mallorca. ეს რვაწუთიანი, შავ-თეთრი კადრებისაგან შემდგარი ფილმია, რომელიც ესპანეთში მდებარე ბალეარის კუნძულს ასახავს. ფილმს თან გასდევს ესპანელი კომპოზიტორის – ისააკ ალბენისის მიერ დაწერილი მუსიკა. ფილმი ეროვნულ არქივს – Filmoteca Española-ს 1982 წელს გადაეცა.

ფილმის დოკუმენტური კადრები გვიჩვენებს მეთევზეებს ნავზე, ბავშვების თამაშს კუნძულის ქუჩებში, ბერის მიერ ჭიდან წყლის ამოღების პროცესს და სხვა ყოფითი ცხოვრების ამსახველ სცენებს.

ცნობილია, რომ აღმოჩენილი ფილმის რეჟისორი მარია ფორტეზაა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ფილმის აღმომჩენთა ჯგუფმა ვერ შეძლო რეჟისორ ქალზე ბევრი ინფორმაციის შეგროვება. მათი თქმით, ფილმი დაახლოებით 1932-34 წლების შუალედში უნდა იყოს გადაღებული. ამასთან, თუკი მათი ვარაუდი სწორი აღმოჩნდება, Mallorca, შესაძლოა, ესპანეთში ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული პირველი ხმოვანი ფილმი იყოს.