ვუდი ალენის ფილმებისთვის დამახასიათებელი ნიშნები

თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტელექტუალური კომედიების რეჟისორი, ვუდი ალენი 84 წლის ასაკში აგრძელებს როგორც თაყვანისმცემლების, ასევე კრიტიკოსების გაოცებას. რეჟისორი 1935 წელს დაიბადა, მას ახალგაზრდობაში გაზეთში სტატიების წერა უყვარდა. სწორედ გაზეთში მუშაობისას მას ფსევდონიმი მოაფიქრდა, ვუდი ალენის ნამდვილი სახელი ალან სტიუარტ კონიგსბერგია. როდესაც მის ფილმებს ვუყურებთ, უნებლიედ ვხვდებით, რომ ეს სწორედ ვუდი ალენის შემოქმედებაა. წარმოდგენილი სია ერთგვარი შეხსენებაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვუდი ალენის კინემატოგრაფიული სამყაროს ატმოსფეროს თავიდან შესაგრძნობად. სიაში წარმოდგენილია რეჟისორის ფილმებისთვის დამახასიათებელი მთავარი ატრიბუტები.

Capture from Midnight in Paris

ტიტრები

„ენი ჰოლის“ დროიდან მოყოლებული, ვუდი ალენის ყოველი ფილმი ერთმანეთის მსგავსი ტიტრებით იწყება – უკრავს მუსიკა და ეკრანზე ჩნდება თეთრი ასოებით დაწერილი შრიფტით Windsor Light, რომლებიც შავ ფონზეა დატანილი.

„მე ავირჩიე ტექსტი, რომელიც მომეწონა და მას შემდეგ არაფერი შემიცვლია. ბოლოს და ბოლოს რა არის ტიტრები? ისინი მხოლოდ ინფორმაციისთვის გამოიყენება.“

მთავარი გმირი

რეჟისორმა შეძლო შეექმნა პერსონაჟის ისეთი სახე, რომელიც მისი ყოველი ფილმისთვის დამახასიათებელი იქნებოდა. ვუდი ალენის ფილმის სიუჟეტში თითქმის ყოველთვის გვხვდება მამაკაცი, რომელიც ნერვიულობის ზღვარზეა და არ იცის როგორ მოიქცეს, იგი განსხვავდება საზოგადოებისგან და მას ხშირად ვერც გარშემომყოფები უგებენ. ამ როლს განსაკუთრებით კარგად ასრულებს თავად ვუდი, ასევე ოუენ უილსონი და ჯესი აიზენბერგი, თუმცა მის ბოლო ფილმში („წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“) პრობლემებში გახვევა ტიმოთი შალამესაც მოუწია.

Capture from Midnight in Paris

დოსტოევსკი

ვუდი ალენი ლიტერატურის დიდი მოყვარულია, რაც ხშირად აისახება მის ფილმებზე. ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება, როგორც ჩანს, რეჟისორისთვის განსაკუთრებულია. მკვლელობის მოტივები გვხვდება ფილმებში „კასანდრას ოცნება“ და „მატჩ პოინტი“. გარდა ამისა, ვუდი ალენის პერსონაჟებს დოსტოევსკის პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი თვისებებიც გააჩნიათ, მაგალითად „სიყვარული და სიკვდილის“ პერსონაჟი ბავშვობაში ალიოშა კარამაზოვს მოგვაგონებს, როდესაც გაიზრდება კი, თავად მიშკინს. ფილმში ასევე გვხვდება დოსტოევსკის ბიოგრაფიის ელემენტი – მწერლის მსგავსად, მთავარ პერსონაჟს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.

ქალაქი

ნიუ-იორკი, რომი, ბარსელონა… ვუდი ალენის ფილმებში ქალაქი სიუჟეტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამერიკელი რეჟისორის ფილმებში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის მშობლიურ ქალაქს – ნიუ-იორკს.

ჯაზი

ვუდი ალენის ნამუშევრის ყურებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მუსიკას, რომელიც თან ახლავს ყველა სცენას. ჯაზის დახმარებით რეჟისორი თავის ნამუშევრებში გადმოგვცემს სიუჟეტის, ქალაქისა და დროის ატმოსფეროს.  ფილმებში გამოყენებულია ჯაზის როგორც ახალი, ასევე ძველ ჩანაწერებიც.  როგორც ცნობილია, ვუდი მუსიკოსობითაც არის დაკავებული – თავისუფალ დროს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში იგი თავის ბენდთან ერთად კლასიკურ ჯაზს ასრულებს.

Capture from A Rainy Day in New York

წვიმა

წვიმა ვუდი ალენის ფილმებში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. რეჟისორი ახერხებს წვიმის დახმარებით პერსონაჟებს შორის გულწრფელობა და სიახლოვე შექმნას. ამის კარგი მაგალითია სცენები ფილმებიდან  „საღამო პარიზში“ და „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“.

„წვიმა ყოველთვის ლამაზია. ძალიან მიყვარს წვიმა. ის ხელს უწყობს ურთიერთობებში გულწრფელობისა და ინტიმურობის წარმოქმნას, იქნება ეს სასიყვარულო ურთიერთობა, თუ ურთიერთობის სხვა ფორმები.“

Capture from Vicky Cristina Barcelona

ფსიქოლოგია

ვუდი ალენის ფილმებში ფსიქოლოგი ხშირ შემთხვევაში სატირული პერსონაჟია, რომელიც უბრალოდ ჩუმადაა და უსმენს პაციენტის მონოლოგს, ხოლო ყველაზე საინტერესო მომენტში აცხადებს, რომ სეანსის დრო ამოიწურა. ესეც მთლიანი ფსიქოანალიზი. ხანდახან ფილმში თავად ფსიქოლოგს სჭირდება დახმარება, მაგალითად, ფილმში „ჰარის დეკონსტრუქცია“. ძირითადად, რეჟისორი ფსიქოლოგთან საუბრის სცენებს იყენებს იმისათვის, რომ მაყურებელმა უკეთ შეძლოს პროტაგონისტის გაცნობა.

„მე ფსიქოანალიზს მივმართე, რადგან ვთვლიდი, რომ ბავშვობაში გარკვეული პრობლემები მქონდა და მინდოდა გამეგო შემეძლო თუ არა პრობლემები გადამელახა. ვფიქრობ, რომ ფსიქოანალიზი მეხმარება და ზოგჯერ კმაყოფილი ვარ შედეგებით, თუმცა ხშირად ფსიქოანალიზის მიმართ შერეული შთაბეჭდილებები მაქვს.“