დიდ ბრიტანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სკანდალური ბრიტანელი მხატვრის, ბენქსის ახალი ნამუშევარი გამოჩნდა. მხატვარმა ნამუშევრის ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.
ნახატზე გამოსახულია პატარა ბიჭი, რომელსაც ხელში თოჯინა ექიმი უჭირავს. ნიღაბში და აფრიალებულ მოსასხამში გამოწყობილი ექიმის ფიგურა სუპერგმირს ჰგავს. ბავშვის გვერდზე გამოსახულია ნაგვის ყუთში ჩაწყობილი ბეტმენისა და ადამიანი-ობობას ფიგურები.
მხატვარმა საავადმყოფოში პატარა წერილიც დატოვა: „გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნახატი ამ ადგილს ოდნავ გაანათებს, მიუხედავად იმისა, რომ ის შავ-თეთრია.“
ბენქსის ახალი ნამუშევარი შემოდგომამდე საავადმყოფოში დარჩება, შემდეგ კი აუქციონზე გაიყიდება, მიღებული თანხა კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში გადაირიცხება.