ბენდმა Bedford Falls ახალი სიმღერა გამოაქვეყნა

ბენდმა Bedford Falls ახალი ნამუშევარი, სახელად MERMISI გამოაქვეყნა. Bedford Falls ქართული ბენდია, რომელიც ქალაქ თბილისში 2014 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი “საზამთრო” გამოუშვეს. Bedford Falls ოთხი წევრისგან შედგება: დათო ჯიქია, მიხეილ კალანდარიშვილი, გიორგი მიგრიაული და სანდრო დიასამიძე.

ბენდის წევრმა, დათო ჯიქიამ ახალ კომპოზიციაზე ჟურნალ „თორმეტთან“ ისაუბრა. მუსიკოსის თქმით: „[ახალი ნამუშევარი] აბდაუბდა დადაისტური ნარნარია ქართულ მოგონებებში. ვითომ ცნობიერის ნაკადად სიმღერის სიტყვები და ვიდეო თანხლებად, როგორც ქართული თრეშის ალმანახი.“ ახალ მუსიკალურ ვიდეოზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვიდეოში სწორხაზოვანი იდეა არ დევს, ყოველი კადრი გადმოსცემს ბოლო 30 წელზე არსებულ რეფლექს, ბავშვობაში ნანახ კადრებს, რომლებიც საბოლოოდ ცნობიერში დაილექა.

ვიდეოში გამოყენებულია სხვადასხვა კადრები, როგორც ქართული რეკლამების, ასევე საპროტესტო აქციების. დათო ჯიქიას თქმით, პოსტმოდერნიზმი Bedford Fall-ის მხარესაა და ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს პრობლემა კადრების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ბენდის ახალი ალბომი იზოლაციის პირობებში ჩაიწერა და მსმენელს განსხვავებულ კომპოზიციებს სთავაზობს.

„ჟანრებად აღქმა რთული ამბავია, მითუმეტეს საკუთარი მუსიკის. ზუსტად არ ვიცი რა სახეობის მუსიკაა ამ ალბომში, ერთი ის ვიცი, რომ სახლშია ჩაწერილი, კუსტარულად და აჯღაბაჯღა მძივად აწყობილი ტკბილ-მწარე სიმღერებია. ჩვენ მოგვწონს თავხედობა. უზადო ხმებით განწყობის შექმნა. როცა სიმღერას ვიწყებთ, არასდროს ვიცით საით წაგვიღებს, ასე რომ მუდმივად ექსპერიმენტის რეჟიმში ვართ, სპონტანური სასწაულის იმედით.“