კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავს

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიების გაერთიანება COVID-19 პანდემიით შექმნილი მძიმე მდგომარეობით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად მთავრობას ღია წერილით მიმართავს და პეტიციას აქვეყნებს.

გაერთიანების განცხადებით, საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათი თქმით, საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო და საზოგადოებრივ პროცესებს წლების განმავლობაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიასა და გავლენიან სახელოვნებო ინსტიტუციებში, გალერეებსა და შემოქმედებით აქტივისტურ კოლექტივებში.

„თანამედროვე ევროპის საზოგადოებრივი მოძრაობები შთაგონების წყაროდ ხშირად თბილისიდან წამოსულ ახალ, ხმამაღალ იმპულსებსა და განაცხადებს ასახელებენ. ჩვენი ინდუსტრიების მაღალმა რეპუტაციამ, რომელიც ათასობით დასაქმებული ადამიანის შრომის შედეგია, დიდი ბიძგი მისცა ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ კულტურულ, არამედ ეკონომიკურ განვითარებას, რაც საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა.“

წერილის ავტორები მთავრობას პანდემიით გამოწვეული კრიზის აღმოფხვრის გეგმასა და მათ მოთხოვნებს უზიარებენ.

„გვჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფოს გათავისებული აქვს ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციის მშენებლობაში შემოქმედებითი ინდუსტრიის და მის სექტორებში დასაქმებული ათასობით ადამიანის როლი. გათავისებული აქვს ამ ადამიანთა მძიმე ყოფა და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, უპირობოდ იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“

კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანების მოთხოვნა შემდეგია:

  • შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე კულტურული ეკოსისტემის გადასარჩენად შეიქმნას გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტი.
  • კულტურის სფეროში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი იქნენ უმუშევრობის და სხვა სოციალური სარგებლით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შტატგარეშე დასაქმებულ ადამიანებსა და თვითდასაქმებულებს, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, ახალგაზრდებს, უმცირესობებს.
  • გადაუდებელი დახმარება გაეწიოს კულტურის სფეროში დასაქმებულ, როგორც ინსტიტუციონალიზებულ, ასევე დამოუკიდებელ სპეციალისტებს; აგრეთვე მცირე და საშუალო შემოქმედებით გაერთიანებებს საგადასახადო შეღავათების, სესხების, მიკრო-კრედიტების, ზარალის ანაზღაურების სახით;
  • საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა;
  • საშემოსავლო და ქონების გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დროებით შეჩერება  მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • საპენსიო გადასახადის შენატანის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • საბანკო სესხების შეჩერების გახანგრძლივება კიდევ 6 თვით, ან სანამ ბიზნესები სრული დატვირთვის არ ამოქმედდება;
  • საკრედიტო დახმარება არსებულ ბიზნეს ერთეულებს კომერციული ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, როდესაც 90% სესხის გარანტიას იძლევა “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში);
  • იჯარის ⅓ სუბსიდირება და მეიჯარეებისთვის დარიცხული გადასახადების გადავადება.