რედიოჰედის 2006 წლის Bonnaroo ფესტივალის სეტი შეგიძლიათ ონლაინ იხილოთ

მუსიკალური ფესტივალების ნაწილი წელს კორონავირუსის პანდემიის გამო აღარ ჩატარდება, ზოგიერთი მათგანის, მათ შორის კოაჩელას ჩატარების თარიღები კი გადაიწევს. ამასობაში, ცნობილი ჯგუფი რედიოჰედი ინტერნეტში ძველი კონცერტების ჩანაწერებს ავრცელებს. 2006 წლის 17 ივნისის Bonnaroo-ს ფესტივალის სეტის ჩანაწერი მათ ახლახან გამოაქვეყნეს.

„ეს საუკეთესო საფესტივალო გამოცდილება იყო, რაც კი ამერიკაში მქონია“ – წერს ჯონი გრინვუდი, რედიოჰედის წამყვანი გიტარისტი ინსტაგრამის პოსტში. „იმედი მაქვს, ის ცეცხლი და სამხრეთული ვისკის სუნი სიმღერებთან ერთად დაბრუნდება – და იმედია ცოცხალ მუსიკას მალე დავუბრუნდებით.“

გრინვუდი ასევე ხსნის, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ კონკრეტული პერფორმანსის გაზიარება და ამბობს, რომ ჯგუფმა ახლახან მიაგნო შოუს ორიგინალ აუდიო ჩანაწერს.

რაც შეეხება რედიოჰედის ახალ სიმღერებს, მოცდა 2021 წლამდე მაინც მოგიწევთ. როგორც ტომ იორკმა განაცხადა, ისინი ერთწლიან შესვენებას იღებენ.