ბეტი რაიტი, გრემის მფლობელი სოულის შემსრულებელი, სიმსივნით გარდაიცვალა

სოულის და არენბის შემსრულებელი ბეტი რაიტი 66 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა – სიმსივნის დიაგნოზით.

დაბადებული, როგორც ბესი რეჯინა ნორისი, ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული მუსიკაში და საკუთარი სასცენო სახელი „რაიტი“ ადრეულ ასაკშივე მოირგო. ჯერ კიდევ 2 წლის, თავის და-ძმასთან ერთად გოსპელის შემსრულებელ ჯგუფში „Echoes of Joy“ მღეროდა. 3 წლის ასაკში მათ ალბომიც კი გამოუშვეს.

11 წლის რაიტი გოსპელიდან არენბი ჟანრში გადავიდა და მაიამის ნიჭიერთა კონკურსებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. 12 წლისამ ხელი მოაწერა კონტრაქტს Deep City Records-თან და 14 წლის ასაკში პირველი ალბომი „My First Time Around“ გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი სიმღერა „Girls Can’t Do What the Guys Do” ტოპ 40-შიც კი შევიდა.

რაიტმა პოპულარობა თავის მეორე ალბომში შევამალი სიმღერით „Clean Up Woman” მოიპოვა. ბილბორდის ტოპ 100-ში ის მე-6 ადგილზე გავიდა და მისი მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

წლების შემდეგ რაიტმა დისკოთი შთაგონებული სიმღერა „Where Is the Love“ დაწერა KC & the Sunshine Band-ის წევრებთან – ჰარი უიენ კეისისთან და რიჩარდ ფინჩთან ერთად. სწორედ ამ სიმღერით დაიმსახურა მან გრემი საუკეთესო არენბი სიმღერისთვის.

2000-იან წლებში რაიტი ხელახლა გამოჩნდა და მონაწილეობა მიიღო შოუში „Making the Bank”, სადაც ახალგაზრდა გოგოების ჯგუფს „Danity Kane“-ს მენტორობდა. მუშაობდა ჯენიფერ ლოპესთან, გლორია ესტეფანთან და ჯოს სტოუნთან ერთადაც. 2005 წელს ნომინირებული იყო საუკეთესო პოპ ალბომისთვის გრემის დაჯილდოებაზე, ჯოს სტოუნის ალბომის „Mind Body & Soul“-ის პროდუსირებისთვის.

რაიტმა და Questlove-მა 2011 წელს, ათწლიანი პაუზის შემდეგ, ალბომი „Betty Wright: The Movie“ გამოუშვეს. მასში შემავალმა სიმღერამ „Surrender“ საუკეთესო არენბი პერფორმანსისთვის გრემი დაიმსახურა.