“ვაზისუბნის მამული” – 140 წლის შემდეგ გაცოცხლებული ისტორია

„შეხვედრა წარსულთან“ – შეიძლება, ასე ვუწოდოთ კახეთის ვაზისუბანში, ისტორიულ ურიათუბანში,  140 წლის შემდეგ სულხან ჭავჭავაძის მამულში გაცოცხლებულ ისტორიას. მე–19 საუკუნის ქართველი განმანათლებლისა და წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრის, თავად სულხან ჭავჭავაძის მამულში უკვე შესაძლებელია, შევიგრძნოთ პირვანდელ სახესთან მაქსიმალურად მიახლოებული რეალობა და თითქმის ხელით შევეხოთ ისტორიას. 

სულხან ჭავჭავაძის უმთავრესი გატაცება  ხომ მეღვინეობა–მევენახეობა იყო. კახეთის რჩეულ ადგილებში გაშენებული ვენახებიდან დაწურულ ღვინოს სასახლის მარანში ჩაყრილ ქვევრებში აძველებდა და სამართლიანადაც იმსახურებდა საუკეთესო მეღვინის სახელს.

თითქმის 140 წლის შემდეგ პირვანდელი სახით აღდგენილი „ვაზისუბნის მამული“  დღესაც აგრძელებს ქართული ღვინის გენეტიკური მეხსიერების ამბავსა და ქართული სტუმარ–მასპინძლობის ტრადიციებს. ისტორიკოსების დახმარებითა და საარქივო მასალების შესწავლის საფუძველზე სასახლესა და მამულს დაუბრუნდა პირვანდელი იერი, სრულად შენარჩუნდა და პირველი სახით აღდგა ჭავჭავაძეების ცნობილი ინგლისური ბაღი.

საინტერესო და გამორჩეული კონცეფციის მქონე რესტორნის დიზაინის ავტორია ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ინტერიერის დიზაინერი ნესტან ვარდიაშვილი. სასახლის ირგვლივ მოეწყო დასასვენებელი ინფრასტრუქტურა: რესტორანი და აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით.

მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ბოსტნეულის ბაღი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიყვანენ და აქ მოყვანილი პროდუქტით გაუმასპინძლდებიან სტუმრებს. 

 რესტორანი ეფუძნება Farm To Table პრინციპს. ეს იქნება სეზონურადგანახლებადი, ადგილობრივი პროდუქტებისგან შექმნილი მენიუ ბრენდშეფ ქეთი ბაქრაძის საავტორო გადაწყვეტით, რომელიც ახალ გემოებს აღმოგაჩენინებთ. 

სასტუმროში ,,ვაზისუბნის მამული“ სტუმრებს შესთავაზებენ 19 ნომერს სხვადასხვა კატეგორიის ოთახებით.

თითქოს სასახლის პირველმა ბინადრებმაც თავიდან დაიდეს აქ ბინა: „სულხანის და ნინოს ოთახი“, „ვანო სარაჯიშვილის ოთახი“, „დიმიტრის ბიბლიოთეკა“…

ისტორიულ სახლებს აქვს ეს უცნაური თვისება: არასდროს გავიწყებს თავის ბინადრებს და რაღაც უხილავი ძაფებით გაკავშირებს მათთან.

დღესაც ბეჭედივით ატყვია მამულს, მარანს, მიწაში ჩაყრილ ქვევრებსა თუ ასწლოვან ხეებს მისი პირველი პატრონის ხელი. შთამბეჭდავია „ვაზისუბნის მამულის“ მარანი, რომელიც 500 კასრს დაიტევს და ზუსტად აქ მოხდება უმაღლესი ხარისხის ღვინოების დავარგება.

ასწლოვანი ხეების გარემოცვაში ცნობილი აივნიდან გაჰყურებ კავკასიონისა და ალაზნის ველის შთამბეჭდავ ხედებს და  წარსულისა და აწმყოს გასაყარზე უნებურად გიჩნდება კითხვა:

ვინ იცის, რამდენი ვინმე დამტკბარა ამ სილამაზის დანახვისას და კიდევ რამდენს დაატკბობს ეს ჯადოსნური სანახაობა?

და აქვე პოულობ პასუხს: ეს ზუსტად ის ადგილია, რომელსაც ყველა დროსა და ეპოქაში ეძებს ადამიანი განსაკუთრებული შეგრძნებებისთვის, წარსულში მოგზაურობისთვის და მომავალში კვლავ აქ დაბრუნების სურვილით მასთან განშორებისთვის…