პულიცერის პრემიის 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პულიცერის პრემია ჟურნალისტიკის დარგში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. ეს ამერიკული ჯილდო პირველად 1917 წელს გაიცა და სხვადასხვა დროს პრემიის ლაურეატებს შორის იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჰარპერ ლი და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ პულიცერის პრემიის 2020 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ. დაჯილდოების ცერემონია 20 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამარჯვებულები ონლაინ გამოავლინეს:

22 გამარჯვებულიდან 15-მა ჯილდო ჟურნალისტიკის დარგში მიიღო, 7 გამარჯვებული კი ლიტერატურის, დრამატურგიისა და მუსიკის სფეროში გამოვლინდა. 21 კატეგორიის გამარჯვებულებს სერტიფიკატი და 15 000 აშშ დოლარი გადაეცათ, ყველაზე პრესტიჟული ნომინაციის „საზოგადოებრივი სამსახურის“ გამარჯვებულმა კი დამატებით ოქროს მედალი მიიღო. ამ კატეგორიაში წელს Anchorage Daily News-მა გაიმარჯვა ალასკაში პოლიციის პრობლემის გაშუქებისთვის, რის შედეგადაც ამ საკითხის მოსაგვარებლად მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ პრემია ნომინაციაში „საერთაშორისო რეპორტაჟი“ გაზეთ New York Times-ს გადაეცა: „დიდი რისკის მიუხედავად ვლადიმერ პუტინის მტაცებლური რეჟიმის შესახებ მომზადებული რეპორტაჟებისთვის“. ეს პუბლიკაციები ეხება რუსეთის ჩარევას ლიბიის, სირიისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკების შიდა საქმეებში. ამას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მან New York Times-ის რეპორტიორებს „ყალბი ჟურნალისტები“ უწოდა, განაცხადა რომ მათ პულიცერის პრემია დაუმსახურებლად, „რუსეთის გამო“ მიიღეს და ჯილდოს ნამდვილი ჟურნალისტებისთვის გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: