როკ-ენ-როლის ლეგენდა ლითლ რიჩარდი გარდაიცვალა

როკ-ენ-როლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლითლ რიჩარდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესებული იყო. ლითლ რიჩარდის სიკვდილი მისმა შვილმა გამოცემას „როლინგ სტოუნსი“ დაუდასტურა.

მუსიკოსმა კარიერა 40-იან წლებში დაიწყო, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი გახლდათ და არაერთი ჰიტიც შექმნა, მათ შორის ყველასთვის ცნობილი „Tutti Frutti“ (1956 წელი), რომელიც მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ლითლ რიჩარდის პერფორმანსის ექსტრავაგანტული სტილი, რომელიც დრაგ კულტურის ელემენტებსაც შეიცავდა, აშკარად იგრძნობოდა შემდეგი თაობების მუსიკოსებში, განსაკუთრებით კი ლეგენდარული მომღერალი პრინცის შემოქმედებაში. აღსანიშნავია, რომ ბითლზებიც დიდ პატივს სცემდნენ ლითლ რიჩარდს და მისი სიმღერების ქავერებიც კი აქვთ ჩაწერილი. დეივიდ ბოუი ამბობდა – „რომ არა ლითლ რიჩარდი, მე და ჩემი თანამედროვეების ნახევარი დღეს ამ მუსიკას არ დავუკრავდით.“

50-იანი წლების ბოლოს ლითლ რიჩარდმა მოღვაწეობა გოსპელის ჟანრში გააგრძელა და მოქადაგეც კი გახდა, თუმცა 1962 წელს „საერო“ მუსიკას დაუბრუნდა. ის მთელი ცხოვრება კონფლიქტში იყო თავის სექსუალურ ორიენტაციასთან.

„მშვიდად განისვენე რიჩარდ“ – წერს რიჩარდის გიტარისტი კელვინ ჰოლი ინსტაგრამის პოსტში. „ეს გულს ძალიან მტკენს. ვუსამძიმრებ მის ყველა მეგობარს და ფანებს მსოფლიოს გარშემო. რიჩარდი ნამდვილი მეფე იყო!“

სხვა მუსიკოსები და ცნობილი ადამიანები, მათ შორის – ჩენს რეპერი, ბილი ბრეგი და ნოელ ფილდინგი სოციალურ მედიაში ლითლ რიჩარდს პატივს მიაგებენ.