„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველი „House of the Dragon“ 2022 წელს გამოვა

გასულ წელს მსოფლიომ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალი იხილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მაყურებელი ვესტეროსის სამყაროს უნდა დაემშვიდობოს.

ჯერ კიდევ სერიალის დასრულებამდე HBO ხუთი სპინოფისა და პრიქველის გადაღებას გეგმავდა, თუმცა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ (წიგნი რომლის მიხედვითაც „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს) ავტორმა ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომ ამ გეგმებიდან მხოლოდ 3 იყო რეალობასთან ახლოს.

მართლაც, პირველი სპინოფი „გრძელი ღამე“, რომელიც სამეფო კარის თამაშებზე 1000 წლით ადრე მომხდარი მოვლენების გარშემო უნდა განვითარებულიყო, პილოტის გადაღების შემდეგ გაუქმდა. თუმცა, ერთი სერიალის გაუქმებისთანავე HBO-მ ფანების სასიხარულოდ ახალ სპინოფზე მუშაობა დაადასტურა.

სერიალს „დრაკონის სახლი“ (House of the Dragon) ჯორჯ მარტინის ახალი წიგნის „ცეცხლი და სისხლი“ (Fire and Blood)-ის მიხედვით გადაიღებენ. წიგნში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებამდე 300 წლით ადრე, ტარგარიანების სახლის ისტორიის გარშემო ვითარდება.

HBO-ს პროგრამირების პრეზიდენტის განცხადებით, ახალი სერიალი, რომელშიც 10 ეპიზოდი იქნება, სავარაუდოდ 2022 წელს გამოვა. დიდი ალბათობით, სპინოფში „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟებს ვერ ვიხილავთ, თუ ღამის მეფეს ან ტყის შვილებს არ ჩავთვლით. გარდა ამისა, ცნობილია რომ სერიალზე თავად ჯორჯ მარტინიც იმუშავებს, ემის ჯილდოს მფლობელ GOT-ის ერთ-ერთ რეჟისორ მიგელ საპოჩნიკთან ერთად.

House of the Dragon-ის ტრეილერი ჯერ არ გამოსულა, თუმცა გამოქვეყნდა ოფიციალური პოსტერი წარწერით „FIRE WILL REIGN“.