სტივენ კინგის „აღორძინების“ ეკრანიზაცია „ექიმი ძილის“ შემქმნელებისაგან

სტივენ კინგის აღორძინება გრძელდება, ამჯერად პირდაპირი მნიშვნელობით.

მაიკ ფლენეგანი და ტრევორ მეისი, კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის, „ექიმი ძილის“ რეჟისორები, ავტორის 2014 წლის რომანის, „აღორძინების“ გადაღებას გეგმავენ.

Image Credits to Lion Sculpture Art

ამჟამად ფლენეგანი სცენარის წერის პროცესშია. ის და მეისი ფილმის წარმოებას თავიანთი კომპანიით Intrepid Pictures აპირებენ. „აღორძინებას“ ვორნერ ბრაზერსის ხელმძღვანელი კევინ მაკკორმიკი ზედამხედველობს.

რომანი ჰეროინზე დამოკიდებული მუსიკოსისა და საეჭვო მკურნალის ურთიერთობაზეა. ეს უკანასკნელი, რომელიც თავდაპირველად მღვდელი იყო, ცდილობს თავის გარდაცვლილ ცოლ-შვილს დაუკავშირდეს, თუმცა ამის მაგივრად ლავკრაფტისეულ ჰორორში აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ რომანის ადაპტირება აქამდე „ბედის ვარსკვლავის ბრალია“-ს შემქმნელმა ჯოშ ბუნმა სცადა.

ფლენეგანის და მეისის „ექიმი ძილი“ საშინელებათა ჟანრის კლასიკის – „ნათების“ გაგრძელება იყო, თუმცა ფილმი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა – მოგებამ მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ $72 მილიონს მიაღწია.

ფლენეგანისა და მეისისთვის, რომელთა სახელსაც უკავშირდება ნეტფლიქსის სერიალი „ჰილ ჰაუსის მოჩვენებები“ და თრილერი „ჯერალდის თამაში“, ეს ფილმი მესამე პროექტი იქნება, რომელიც სტივენ კინგის რომანზეა დაფუძნებული.

კინოკომპანია Intrepid ახლა ქრისტოფერ პაიკის საშინელებათა წიგნის „The Midnight Club“-ის ადაპტაციაზე მუშაობს. მისი ნახვა ნეტფლიქსზე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება კინგის ნაწარმოებებს, ამასობაში ჰოლივუდში მათი პოპულარობა ისევ იზრდება, რაც ნაწილობრივ მისი რომანი „It“-ის ეკრანიზაციის წარმატებამ გამოიწვია. კინგის ნაწარმოებების ადაპტაციები დღეს თითქმის ცალკე სინემატიკური სამყაროს ნაწილია.