სუიციდის პრევენცია თუ რომანტიზება: 13 Reasons Why-ის ფინალური სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Netflix-ის უახლესი განცხადების თანახმად, ცნობილი სერიალის „13 მიზეზი რატომ“ მეოთხე სეზონი ფინალური იქნება და 5 ივნისს გამოვა. გამოქვეყნდა ემოციური ვიდეო, რომელშიც შოუზე მომუშავე ჯგუფი და სამსახიობო შემადგენლობა ერთმანეთს ემშვიდობება.

„13 მიზეზი რატომ“ ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული ახალგაზრდული დრამაა, რომელიც თანამედროვე მოზარდებისთვის აქტუალურ თემებს ეხება და 2017 წელს, გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. Twitter-ის განცხადებით „13 მიზეზი რატომ“ 2017 წელს ყველაზე ხშირად „გატვიტული“ შოუ იყო.

პირველი სეზონი უფრო მეტად მიყვება წიგნის სიუჟეტს და მოგვითხრობს თინეიჯერი ჰანას ამბავს, რომელმაც ვერ გაუძლო სკოლაში ბულინგს, სექსუალურ ძალადობას და მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერის ნაკლებობას, და თავი მოიკლა. ჰანამ თავისი მეგობრისთვის დატოვებულ 13 ჩანაწერში აღწერა ის 13 მიზეზი, რომელმაც მას თვითმკვლელობისკენ უბიძგა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეზონში წიგნის სიუჟეტი ამოიწურა, სერიალის შემქმნელებმა საკმაოდ წარმატებულად გააგრძელეს შოუ და ახალ სეზონებში წამოჭრეს დღევანდელ სკოლებში არსებული სხვა ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიცაა School Shooting-ი („სროლა სასწავლებელში“), მენტალური ჯანმრთელობა, კონფლიქტი სკოლებსა და მშობლებს შორის და ა.შ.

დადებით გამოხმაურებასთან ერთად, სერიალში ისეთი სენსიტიური პრობლემების წარმოჩენამ როგორებიცაა სუიციდი, თვითდაზიანება, გაუპატიურება და ამ ძალადობის შემცველი სცენების მძაფრად ასახვამ, ბევრი კრიტიკაც გამოიწვია. საზოგადოების ნაწილის აზრით, სერიალი ხელს უწყობს მოზარდებში სუიციდური აზრების გაღვივებას და მენტალური პრობლემების განვითარებას. ისეთი ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებმა, როგორებიცაა „The Guardian“, „New York Times“ და „Rolling Stone“ სერიალის შემქმნელებს მნიშვნელოვანი პრობლემის უპასუხისმგებლოდ წარმოჩენასა და სუიციდის „რომანტიზებაში“ დასდეს ბრალი.

შოუს შემქმნელები, რომელთა შორის ერთ-ერთი სელენა გომესია, გამოეხმაურნენ სუიციდის რომანტიზების ბრალდებებს და განაცხადეს, რომ მათ ამის ზუსტად საპირისპირო რამ გააკეთეს. მათი განცხადებით, შოუ ბიძგს აძლევს მოზარდებს თავიანთ ოჯახებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ და მათ მიერ შექმნილი სუიციდის სურათი არა შელამაზებულi, არამედ პირიქით, ძალიან მძაფრ და საშინელ ფერებშია წარმოჩენილი.

„საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ თემებზე საუბარი დაწყებულიყო, რაც აუცილებელია ამ პრობლემის გამოსააშკარავებლად. თუ ხალხი ამაზე საუბრობს, ჩვენ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. ხალხს სჭირდება ამაზე საუბარი“- განაცხადა კლეი ჯენსენის როლის შემსრულებელმა მსახიობმა Dylan Minnette-მაც.

სერიალის მხარდამჭერებს შორისაა ცნობილი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი: „ამჟამად სკოლებში ბავშვები ამ სახის ბულინგს განიცდიან. ეს შოუ კი სამსახურს უწევს მშობლებს და მათ საკუთარი შვილების პრობლემების გაგებაში ეხმარება“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შოუს შემქმნელები არ ეთანხმებიან ბრალდებებს, მათ მაინც გადადგეს გარკვეული ნაბიჯები მაყურებლების შეშფოთების საპასუხოდ. ყოველი სერიის წინ დაემატა გამაფრთხილებელი წარწერა და მსახიობების მოკლე ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მაყურებლებს სერიალის თემების შესახებ აფრთხილებენ და ხაზს უსვამენ შოუს რეალურ მესიჯს. გარდა ამისა, პრობლემების მქონე მოზარდების მხარდასაჭერად შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი https://13reasonswhy.info/, სადაც ვიდეოჩანაწერებთან ერთად მსგავს სიტუაციებისთვის განკუთვნილი კრიზისული ცხელი ხაზების ნომრებია თავმოყრილი.