ვონგ კარ-ვაის ფილმის „Blossoms“ გადაღებები ივლისში დაიწყება

ლეგენდარული ჰონგ-კონგელი კინორეჟისორის უონგ კარ-უაის ახალი ფილმის “Blossoms”-ის გადაღებები ივლისში დაიწყება.

ფილმის გადაღება შანხაის ქუჩებში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის პირობებში ეს სახიფათო გახდა. სწორედ ამიტომ, როგორც Variety წერს, ვონგ კარ-ვაიმ ჯეძიანის სანაპიროზე მდებარე სტუდია მაისიდან 2021 წლის მარტამდე დაიქირავა და ფილმზე იქ იმუშავებენ.

Hengdian World Studios

„Blossoms“ 2013 წლის „ოსტატის“ შემდეგ ვონგის პირველი ფილმი იქნება. ის Jin Yucheng-ის რომანის ადაპტაციაა, რომლის მთავარი გმირი ახალგაზრდა კაცია, რომელიც 1990-იანი წლების ჩინეთში სტატუსს და რომანტიკას ეძებს. რომანში მოქმედება ორ პერიოდში მიმდინარეობს.

როგორც ვონგმა აღნიშნა, ეს ფილმი მისთვის ძალიან პერსონალური იქნება. ვონგი ფილმის სცენარზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. საინტერესოა, რამდენი ხანი გაგრძელდება ფილმის გადაღებები. მისი უნიკალური „სასიყვარულო განწყობის“ გადაღებას 15 თვე დასჭირდა, „2046“-ს 5 წლის განმავლობაში იღებდნენ, ხოლო „ოსტატის“ ნახვა მაყურებელმა პროექტზე მუშაობის დაწყებიდან 15 წელიწადში შეძლო.

ფილმთან ერთად ვონგი წიგნის მიხედვით გადაღებულ 30 ეპიზოდიან სერიალზეც მუშაობს, რომელსაც ასევე „Blossoms“ ერქმევა. მისი რეჟისორი შენ იანი იქნება. ექვსთვიანი გადაღებები, როგორც ჩინური მედია აცხადებს, აპრილში უნდა დაწყებულიყო.