მარინა აბრამოვიჩის თვალით დანახული პოსტ-პანდემიური ხელოვნების სამყარო

„პერფორმანსის ბებია“ მარინა აბრამოვიჩი იზოლაციაზე და ხელოვნების მომავალზე საუბრობს.

Photo Credits to Manfred Werner

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ხელოვანებისთვის ძალიან სახიფათოა, როდესაც მიმდინარე მოვლენები მათ ნამუშევრებს და მათ აზროვნებას ცვლის… ასე გამოდის, რომ ყოველდღიურ ახალ ამბებს ვამუშავებთ და ვფიქრობ, რომ ხელოვნების არსი ამაში არ არის. ხელოვნება შემაშფოთებელი უნდა იყოს, კითხვებს უნდა სვამდეს და მომავალს წინასწარმეტყველებდეს.“ – ამბობს აბრამოვიჩი The Art Newspaper-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ინტერვიუში.

მარინას თქმით, კორონავირუსის გამო პერფორმანსული ხელოვნება არ შეიცვლება და საჭირო არ იქნება მის დროს სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან ფიქრობს, რომ ვაქცინას გამოიგონებენ და ნორმალურ პერფორმანსებსაც დავუბრუნდებით. მანამდე კი გვთავაზობს, აუგმენტური რეალობით გავერთოთ და პერფორმერების გაცემული ენერგია ამ ტექნოლოგიის საშუალებით საკუთარ ოთახებში მივიღოთ. აბრამოვიჩის 2019 წლის „The Life“ მსოფლიოში პირველი ვირტუალური და აუგმენტური პერფორმანსი იყო, რომლის დროსაც მაყურებელი არა ნამდვილ მარინას, არამედ მის ჰოლოგრამას ხედავდა, თუმცა ვირტუალური და აუგმენტური რეალობის ნაზავი ყველაფერს უფრო ბუნებრივს და ცოცხალს ხდიდა.

თავად კორონავირუსს აბრამოვიჩისთვის არანაირი ინსპირაცია არ მიუცია, შესაბამისად მისი მხრიდან ამ თემაზე პერფორმანსს არ უნდა ველოდოთ. როგორც მარინამ თქვა, ის ისედაც თითქმის ყოველთვის იზოლირებულია და მუშაობს, ასე რომ მისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა.

„მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა ის არის, რომ ხალხი შიშში ცხოვრობს, რადგან მათ ცხოვრების მოწესრიგება უყვართ და უნდათ იცოდნენ ყველაფერი, რასაც გააკეთებენ ამ მომენტიდან სიკვდილამდე. ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში კი ეს შეუძლებელია… მე მიყვარს გაურკვევლობა, რადგან ერთადერთი, რაც ჩემთვის რეალურია, ახლანდელი წამია,“ – ამბობს აბრამოვიჩი.