SpaceX ვირტუალური ხომალდის მართვის შესაძლებლობა გვთავაზობს

ილონ მასკი კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. ბოლო თვის განმავლობაში მილიონობით ადამიანის ყურადღება ჯერ ცაში მასკის “სტარლინკის” 60-მდე თანამგზავრის გამოჩენამ მიიპყრო, შემდეგ ტომ კრუზთან და NASA-სთან ერთად ფილმის კოსმოსში გადაღების გეგმებმა, ბოლოს კი ილონ მასკის ახალშობილმა შვილმა და მისმა უცნაურმა სახელმა.

ამჯერად, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი ახალი ონლაინ სიმულატორის საშუალებით ადამიანებს კოსმოსური ხომალდის მართვის შესაძლებლობას აძლევს. სიმულატორი იყენებს ზუსტად ისეთ ინტერფეისს როგორსაც NASA-ს ასტრონავტები ხომალდ Dragon 2-ის ხელით მართვისას.

სიმულატორი სრულიად უფასოა და ის თავად შეგიძლიათ დატესტოთ: თქვენი მიზანი მწვანე კვადრატით აღნიშნულ კოსმოსურ სადგურთან მიღწევაა. როდესაც ხომალდს დანიშნულების ადგილამდე წარმატებით მიიყვანთ, ინტერფეისის ცენტრში მდებარე ყველა მწვანე რიცხვი 0.2-ზე დაბალ ნიშნულზე იქნება.