Supreme-ს ახალი კოლექცია ლეგენდალურ მუსიკოს დენიელ ჯონსტონს ეძღვნება

My Bloody Valentine-ს საკოლექციო ხაზის შემდეგ, Supreme ამჯერად ახალ კოლექციას ამერიკელ მუსიკოსს და ვიზუალურ არტისტს, დენიელ ჯონსტონს უძღვნის. კოლექციის სურათები ინსტაგრამზე გავრცელდა და ის მაისურების, ქურთუკების, კაპიუშონების, ქუდებისა და შარვლებისგან შედგება, რომლებზეც ჯონსტონის უცნაური და სახასიათო ილუსტრაციებია გამოსახული.

ჯონსტონი ძირითადად ლოუ-ფაი ჟანრში მოღვაწეობდა და მისი სიმღერები, როგორებიცაა „True Love Will Find You In The End“ და „The Story Of An Artist“ საკმაოდ პოპულარული იყო ალტერნატიული მუსიკის მსმენელებს შორის. ის 2019 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა შემოქმედებამ მრავალ ცნობილ ადამიანზე მოახდინა დიდი გავლენა, მათ შორის იყო კურტ კობეინი, რომელიც ჯონსტონს უდიდეს მუსიკოსად მიიჩნევდა და ხშირად ატარებდა მისი ალბომის „Hi, How Are You“-ს გარეკანის მქონე მაისურს.

Supreme-ს ახალი კოლექციის შეძენა მათ საიტზე 14 მაისიდან იქნება შესაძლებელი.