ნეტფლიქსზე ახალი მექსიკური სერიალი I’m No Longer Here გამოვა, რომელიც Cumbia კულტურას გაგვაცნობს

ნეტფლიქსზე ახალი მექსიკური თინეიჯერული დრამა – I’m No Longer Here, რომელიც მექსიკის სუბკულტურების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაზეა ორიენტირებული, 27 მაისს გამოვა. სერიალის სცენარისტი და რეჟისორი ფერნანდო ფრია დე ლა პარა იქნება, რომელსაც წარმატება HBO-ს Los Espookys-მა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ სერიალში მონაწილეობას უბრალო თინეიჯერები მიიღებენ, რომლებიც სინამდვილეშიც იმ Cholo/Cumbia კულტურის წარმომადგენლები არიან, რაზეც სერიალია გადაღებული.

სერიალის მთავარი გმირი ულისეა, თინეიჯერი მექსიკის ქუჩის ბანდიდან, რომელიც „საშინელი გაუგებრობის“ გამო იძულებულია ქვეყანა დატოვოს და ნიუ იორკში, ქუინსში გადავიდეს საცხოვრებლად. მისი ძმის გარდაცვალებას და მარტოობას მისი უცნაური ვარცხნილობაც ემატება, რომელიც Cholombiano (მექსიკის ერთ-ერთი სუბკულტურა, მისი სახელი Cholo-ს და Cumbia-ს მუსიკის ჟანრის გაერთიანებიდან მოდის) კულტურისთვის დამახასიათებელია. ულისე ცდილობს უცხო ქვეყანაში ახალ ცხოვრებას შეეგუოს და ახალი სტილი მოირგოს, მაგრამ როცა იგებს, რომ მისი ბანდა და მთელი Cholombiano-ს კულტურა საფრთხეშია, მათ დასახმარებლად სახლში დაბრუნებას ცდილობს.