პატარა ბიჭმა თვითიზოლაციის პირობებში ნახატების სერია შექმნა, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მხატვრები გააერთიანა

11 წლის ბრიტანელი ნოა ჯონსი, რომელსაც ექიმებმა ჰიდროცეფალია, ეპილეფსია და ცერებრული დამბლა დაუდგინეს, კორონავირუსის პანდემიის დროს მუყაოზე ფერად აბსტრაქტულ ნახატებს ქმნის. ერთ დღეს, ნოას მამას დაებადა აზრი, სოციალურ ქსელებში გამოექვეყნებინა შვილის ნახატები და მხატვრებს შესთავაზა ისინი საკუთარი ინტერპრეტაციით დაესრულებინათ. საბოლოოდ პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან მრავალი მხატვარი ჩაერთო. როგორც ნოას მამამ განაცხადა, ის ძალიან ამაყობს მისი შვილით და ძალიან უხარია, რომ პროექტში ამდენი ადამიანი ჩაერთო.

„ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რამით დავკავებულიყავით, რადგან ნოას სახლში ყოფნა უწევს კორონავირუსის გამო. მთელი ოჯახი ჩავერთეთ ნოას ნახატების შექმნაში – იგი ფონს ხატავს, შემდეგ მისი ძმა რუბენი ეხმარება გამოჭრაში, შემდეგ ფოტოს სოციალურ ქსელებზე ვაქვეყნებთ და საბოლოოდ ნახატს სხვა მხატვრები ასრულებენ. ნოას ძალიან უხარია, როდესაც ნამუშევრებს ხედავს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამდენი ადამიანი დაინტერესდებოდა, ემოციებს ვერ ვიკავებ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ.“

ოჯახი გეგმავს ნამუშევრების გამოფენა იმ საავადმყოფოში მოაწყოს, სადაც ნოა მკურნალობს. გარდა ამისა, ისინი აპირებენ მოაწყონ აუქციონი და შემოსული თანხა საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებას გადასცენ.