იენ კერტისისადმი მიძღვნილი Joy Division-ის სამსაათიანი კონცერტი შეგიძლიათ ონლაინ იხილოთ

Joy Division-ის წამყვანი ვოკალისტის, იენ კერტისის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მისი ბენდის წევრი, პიტერ ჰუკი 2015 წლის კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც მათ Joy Division-ის ყველა სიმღერა შეასრულეს.

სამსაათიანი კონცერტი კერტისის მშობლიურ ქალაქის, Macclesfield-ის ერთ-ერთ ტაძარში ჩატარდა 2015 წელს. შოუს ჩანაწერი „So This is Permanent” 18 მაისს გავრცელდა და მისი ნახვა YouTube-ზეა შესაძლებელი. ივნისიდან კი მისი ყიდვაც შეგეძლებათ. როგორც ცნობილია, იენ კერტისი ეპილეფსიით იტანჯებოდა, სწორედ ამიტომ პიტერ ჰუკი ფანებს მოუწოდებს, რომ ქველმოქმედების სახით The Epilepsy Society-ში ფული გადარიცხონ.

„ეს ის ტაძარია, სადაც იენი ბავშვობაში დადიოდა და მღეროდა,“ – ამბობს პიტერი NME-სთან ინტერვიუში. „ჩვენ ჩავერიეთ და საქველმოქმედო კონცერტი გავმართეთ ტაძრის გადასარჩენად და ეს მოვახერხეთ კიდეც. Joy Division-ის ყველა სიმღერა დავუკარით. ამას ოთხ საათზე მეტი დასჭირდა და ძალიან ვამაყობ… იზოლაციის გამო ახლა ვერ დავუკრავთ, მაგრამ შეგვიძლია ეს ჩანაწერი გავავრცელოთ.“

იენ კერტისმა 1980 წლის 18 მაისს, 23 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Joy Division-ის წევრები ბერნარდ სამნერი და სტივენ მორისი საქველმოქმედო ივენთს Moving Through the Silence: Celebrating The Life and Legacy of Ian Curtis ატარებენ და შემოსულ ფულს მანჩესტერის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში Manchester Mind-ში გადარიცხავენ.