ბენდმა Mechanical Rainbow ახალი სიმღერა გამოაქვეყნა

ქართულმა ბენდმა Mechanical Rainbow ახალი სიმღერა, სახელწოდებით DAYSLEEPER გამოაქვეყნა. ბენდი 2018 წლის იანვარში შეიქმნა. Mechanical Rainbow 5 წევრისგან შედგება: დავით დონაძე (ვოკალი და გიტარა), დავით შავდათუაშვილი (გიტარა), ცოტნე ბაღდავაძე (ბასი), ნინი ბენდიანიშვილი (კლავიში) და გივი ინანიშვილი (დრამი). ბენდის შექმნის ისტორია ყოველთვის ნოსტალგიურია თითოეული წევრისთვის – შექმნამდე 1 დღით ადრე, ბენდის ორ წევრ ცოტნესა და დავითს, სპონტანურად შეყვარებულები დაშორდნენ, სწორედ ეს გახდა ბენდის ჩამოყალიბების მიზეზი. მუსიკისადმი დამოკიდებულება ვოკალისტის, დადუს მოსვლამ შეცვალა, ის ყოველთვის ცდილობდა ახალი და საინტერესო შეექმნა, შესაბამისად დაუღალავი მუშაობის შემდეგ, ცონტრე, დადუ და დავითი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მუსიკის შექმნასაც სერიოზულად მიუდგნენ. შემდეგ დაემატათ ნინი და გივი და საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ ბენდათ. Mechanical Rainbow-ს პირველი სტუდიური ჩანაწერი იყო სიმღერა „Asylum”, რომლითაც მათ მსმენელს თავი გააცნეს.

ბენდმა ახალი კომპოზიცია ვიდეოსთან ერთად გაავრცელა, რომელშიც რეჟისორ ალეხანდრო ხოდოროვსკის „წმინდა მთის“ კადრებია გამოყენებული. „წმინდა მთა“ მუსიკოსებს გიტარისტმა დავითმა ანახა. სხვადასხვა სიმბოლოებით დატვირთული ფილმის ნახვის შემდეგ, მუსიკოსებს ისეთი შეგრძნება დარჩათ, თითქოს ყველაფერი ერთი შეხედვით ცუდი სიზმარი იყო და მეტი არაფერი, თუმცა საბოლოოდ DAYSLEEPER-ის ხასიათსა და იდეას სწორედ ამ ფილმის კადრები მოარგეს.

ბენდი ამჟამად ალბომზე მუშაობს, ახალი კომპოზიციების ჩაწერა თვითიზოლაციის პირობებში მიმდინარეობს. ბენდის წევრ ცოტნე ბაღდავაძის თქმით, DAYSLEEPER ბენდის თვითგამოხატვის ერთ-ერთი ნათელი მცდელობაა.

„მოგეხსენებათ სიმღერა თვითიზოლაციის დროს ჩავწერეთ, რამაც ჩვენზე და მუსიკაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით, დისტანციურად ვმუშაობდით, შესაბამისად ისეთი გახსნილი ადამიანებისთის, როგორებიც ჩვენ ვართ, რაღაც მხრივ, დამთრგუნველი იყო ასეთი სტილით ცხოვრება, სწავლა და სიმღერაზე მუშაობა. ვთვლით, რომ სიმღერაზე ეს ნამდვილად აისახა.“