„ქერათმიანი ადვოკატი 3“-ის სცენარისტები მინდი კელინგი და დენ გოორი იქნებიან

რიზ უიზერსპუნმა „ქერათმიანი ადვოკატი 3“-ის სცენარის დასაწერად ჩვენი დროის საუკეთესო სიტკომების სცენარისტები, მინდი კელინგი და დენ გოორი მოიწვია.

„ქერათმიანი ადვოკატი 3“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაანონსდა და სცენარისტები წინა ორი ფილმის მსგავსად კირსტენ სმიტი და კარენ მაკკულაჰი უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ მათ ნაცვლად კელინგი და გოორი სრულიად განსხვავებულ სცენარზე იმუშავებენ.

გოორი სერიალი „ბრუკლინ 9-9“-ის ერთ-ერთი შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია. კელინგი კი სერიალ „ოფისის“ სცენარისტი. მხოლოდ ამ სიტკომებითაც რომ ვიმსჯელოთ, წინ მშვენიერი კომედიური ფილმი გველის.

გოორი და კელინგი ასევე ერთად მუშაობენ საქორწილო კომედიურ ფილმზე, რომელშიც პრიანკა ჩოპრა ითამაშებს.

საინტერესოა, როგორი შინაარსი ექნება თავად „ქერათმიან ადვოკატ 3“-ს. მისი მეორე ნაწილის ბოლოს მინიშნებული იყო, რომ მთავარმა პერსონაჟმა, ელ ვუდსმა თვალი თეთრ სახლს დაადგა. უიზერსპუნმა ახსენა, რომ მას სურს ნახოს როგორ ისრულებს ვუდსი თავის ოცნებას და პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.