GR Music- პროექტი, რომელიც საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს

GR Music პროექტია, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულ ჟანრში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მუსიკოსები საქართველოს ღირსშესანიშნაობებს სტუმრობენ და იქიდან ელექტრონული მუსიკის თაყვანისმცემლებს ლაივ-სეტებს სთავაზობენ.

გიორგი დეკანოიძე და თამაზ ორაშვილი მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა, საერთო ძალებით და მეგობრების დახმარებით მათ შეძლეს შეექმნათ პროექტი, რომელიც საქართველოს ორი კულტურის – ძველისა და ახლის ორიგინალურ შერწყმას იძლევა.

GR Music ნებისმიერი ასაკის მსმენელზეა გათვლილი, პროექტის ავტორებს სურთ, რომ ელექტრონული მუსიკა გააცნონ სხვადასხვა თაობების წარმომადგენლებს. ამასთან ერთად, პროექტი ეხმარება ტურისტებსა და ყველას, ვინც მოგზაურობას ვერ ახერხებს, გაეცნონ საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს ელექტრონული მუსიკის თანხლებით. GR Music-ის დეტალებზე პროექტის ავტორებს ვესაუბრეთ:

როგორ დაიბადა პროექტ GR Music-ის იდეა?

GR Music პროექტის იდეა, ჩვენს მიერ დაფუძნებული, რეგიონალური ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – Georgian Rave-ს მსვლელობისას დაიბადა. გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც თანამედროვე მუსიკალური ჟღერადობის თანხლებით, უკეთ გააცნობდა მსოფლიოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მის ისტორიასა და აწმყოს, უნიკალურ ლანდშაფტებს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, საკუთარი ქვეყნის წარსულსა და აწმყოში მოგზაურობას, ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოღვაწე ლოკალურ არტისტებთან ერთად.

რის მიხედვით არჩევთ მუსიკოსებსა და ადგილებს, რის მიხედვით ანაწილებთ, რომელი მუსიკოსი, რომელ ღირსშესანიშნავ ადგილზე დაუკრავს?

დღეს ელექტრონული მუსიკა საქართველოში ისეა განვითარებული, რომ ამ ჟანრში მოღვაწე არტისტების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ამ პლატფორმის ერთ- ერთი მიზანი, მათი პოპულარიზაცია – ხელშეწყობაც არის და რადგან არჩევანი მცირე არ გვაქვს, ვცდილობთ ისეთი არტისტები გვყავდეს მეგზურებად, რომლებიც ჩვენი აზრით თავიანთი მუსიკალური თემით საუკეთესოდ ერთვებიან, ერწყმიან იმ სივრცეს, ატმოსფეროს, შეგრძნებას, რა გარემოშიც გვამოგზაურებენ. ადგილები კი, როგორც აღვნიშნეთ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ღირსშესანიშნაობები და ყველაფერი, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის და ერთმანეთისთვის გვაქვს საჩვენებელი.

თქვენი სეტები ყოველთვის მაღალ ლოკაციაზეა განლაგებული, ეს მხოლოდ ვიზუალით არის განპირობებული, თუ ამას გარკვეული მიზეზი აქვს?

განლაგებას რაც შეეხება, იმის მიხედვით გვაქვს შერჩეული, რომელ ღირსშესანიშნაობას ვიღებთ, მთავარია, რომ იმ რესურსით, რაც გვაქვს, მაქსიმალურად, მთელი მოცულობით გადავიღოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იქნება ეს, თუ რომელიმე ისტორიული ლანდშაფტი. ვცდილობთ მაქსიმალურად განსხვავებული კუთხითა და ხედვით, უფრო მეტად მოგცეთ საშუალება შეიგრძნოთ ამა თუ იმ ადგილის ისტორია. ცხადია, ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, ამ ვიდეო სეტების ნახვის შემდეგ, რაც მეტი ადამიანი გადაწყვეტს საქართველოში მოგზაურობას, მით უფრო გამართლდება ჩვენი მიზანი.

რამდენად ადვილია თითოეული სეტის დაგეგმვა და გადაღება, როგორ სირთულეებს აწყდებით პროცესში?

დაგეგმვისა და მომზადების პროცესში სირთულეების გადალახვაც გვარიანად გვიწევს. გასათვალისწინებელია, რომ ეს საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი გუნდის სახსრებით სულდგმულობს პროექტი. ამის გამო, ვართ ისეთი სპონსორების ძიებაში, რომელებიც მზად იქნებიან ეს საერთო მიზანი ჩვენთან ერთად განახორციელონ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე ოფიციალურად ვემზადებოდით ღამით გმირთა მოედნის გადაღებისათვის, ნებართვებით, ბიუროკრატიის ყველა საფეხურის გავლით, მაინც კინაღამ ჩაგვეშალა გადაღება, სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც არის ხოლმე, მაგალითად ამინდი არ უწყობს ხელს დრონის სათანადო ფრენას, მაგრამ სირთულეები ალბათ ყველა საქმეს ახლავს, მთავარი მათი გადალახვაა და ჩვენი მხრიდან ცდას არასდროს ვაკლებთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებთ მუსიკოს დათო ევგენიძისა და ჩვენ მიერ შერჩეული არტისტის მუსიკალურ კოლაბორაციას. ასევე, გვინდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ მსმენელთან ერთად გავმართოთ ლაივ-სეტები საფესტივალო ფორმატში, ერთ-ერთი ასეთი იქნება ‘’ზეზვა და მზია“, რომლის სახელიც, როგორც მათ მეცნიერებმა უწოდეს, იმ დმანისელი პირველი ევროპელების საპატივსაცემოდ დავარქვით, რომლებიც საქართველოში აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების დროს.