გიორგი გელაძის შემოქმედება | ინტერვიუ ხელოვანთან

გიორგი გელაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია თბილისიდან. მის თავისებურ ნამუშევრებზე აისახება მხატვრის ემოციები, რომლებსაც მხატვარი სხვადასხვა მასალითა და ფერწერული ფორმით გადმოსცემს. ახალგაზრდა მხატვარი ცხოვრების თითოეულ დეტალში ხედავს შთაგონებას. გიორგი გელაძემ მუშაობის პროცესზე, მის შემოქმედებასა და მომავალ გეგმებზე ჟურნალ „თორმეტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორია თქვენი პირველი მოგონება ხელოვნებაზე?

თუ გადავქექავ მეხსიერებას, ალბათ ბევრი მოგონება იჩენს თავს, მაგრამ ამ წამს უპირველესად თვალწინ წარმომიდგა ფიროსმანის მეთევზე, რომელსაც ხელოვნების წიგნიდან ვიხატავდი ფანქრებით. როგორც მახსოვს, ხელოვნების მასწავლებლის ნასწავლი ხერხით ვასრულებდი ამ დავალებას, მაგრამ იმასაც ვიტყოდი ამ უეცარ მოგონებაზე, რომ ეს პროცესი საშინაო დავალება იყო და ალბათ მოსწავლის ვალდებულება მაიძულებდა ამის გაკეთებას.

კიდევ არის რაღაც, რაც ამ წამს გამახსენდა და ესეც ხატვის მოგონებაა, ამჯერად ეს ძალდაუტანებელი გამოვლინება უფრო იყო ჩემგან ხატვის სურვილისა და ქმედება, ვიდრე საშინაო დავალება. აგარაკზე, სახლის უკან, გორაკზე იდგა კუნელის ხე, რომელიც ყოველთვის აღძრავდა ჩემში უცნაურ სიახლოვეს, ზოგჯერ „მეფე ლომში“ არსებულ ერთ-ერთ ხეს მიაგავდა ძალიან და კიდევ ათას ასოციაციას იწვევდა, თითქოს ყოველთვის ვიცნობდი ამ ხეს და დიდ მნიშვნელობას ატარებდა ჩემთვის. მოკლედ, ჯადოსნურ სიახლოვეს ვგრძნობდი მაშინ ამ ხის დანახვისას და ახლაც იმავეს განვიცდი. ამ ხის ქვეშ ხშირად ვისხედით მე და ბაბუაჩემი სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულნი. იგი ძირითადად კითხულობდა, მე ვხატავდი მელნის კალმით ირგვლივ არსებულ გარემოს.

რა არის თქვენთვის უფრო ღირებული, ნახატზე მუშაობის პროცესი თუ უკვე დასრულებული ნამუშევარი?

ამ კითხვაზე ჩემს პასუხს ასე განვმარტავ: რა უფრო მნიშვნელოვანია, დღე თუ ღამე? რა თქმა უნდა, არცერთია მეტი მეორეზე და ორივე ერთი პროცესის სხვადასხვა მიზეზშედეგობრიობის გამოვლინებას წარმოადგენს. დღე ღამესთან მიდის და ღამე დღესთან. ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნებოდა ამ სამყაროში და ეს, ჩემი აზრით, ჭეშმარიტი ბალანსია, სადაც ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს და თავის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩემთვის ნახატზე მუშაობის პროცესი და დასრულებული ნახატი, თითქოს, ერთი მთლიანი პროცესის ორ განსხვავებულ სახეს წარმოადგენს, ისევე როგორც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვალისა და ხელის ფორმები, მდებარეობა, ოპერირება და მიღებული განცდები განსხვავდებიან, მაგრამ სინამდვილეში, ორივე ერთი სხეულის ნაწილია და ფიზიკურ მთლიანობას უზრუნველყოფს.

როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა ნახატზე მუშაობის დროს?

პირველი რიგში, კონცენტრირებას ვახდენ, რასაც, თითქმის ყოველთვის, მივყავარ შინაგან ინტუიციური კონდიციამდე. ამის შემდეგ, ფიქრის რაციონალურ განზომილებას ვტოვებ, რისი ახსნაც გამიჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ღრმა ქვეცნობიერულ ემოციურ ნაკადს მივყვები, მაგრამ მგონია, რომ ემოციური მდგომარეობა განსხვავდება წინა ემოციურ ფონებთან მიმართებაში, რაც მშვენიერია, რადგან ეს ქმნის „ხასიათის“ მრავალფეროვნებას. ემოციები კი ყოველი მხრიდან არის, შიგნიდან, გარედან, სატორიდან, მატორიდან, წარსულის ილუზიიდან, მთიდან და უნიტაზიდან.

რამდენად უდგებით ხელოვნებას კომერციული კუთხით? როგორი დამოკიდებულება გაქვთ შეკვეთებზე?

მე ყოველთვის ვამბობ, რომ კომერცია არის ის, რაც გულისხმობს მატერიალურად სარფიანი მდგომარეობის მიღწევას, რაც შეიძლება მოიცავდეს სტატისტიკურ და ტენდენციური გათვლების ორიენტაციას. მაგალითად, იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებსაც აქვთ ნახატის ყიდვის შესაძლებლობა, შესაძლოა უგემოვნოები აღმოჩნდნენ – ისინი ნახატებს მხოლოდ ინტერიერის გასაფორმებლად და მსგავსი მიზეზებიდან გამომდინარე ყიდულობდნენ. დილერების უმეტესობაც, რა თქმა უნდა, უმეტესწილად ასეთ ნახატებს მიანიჭებენ უპირატესობას და ასე ვიღებთ ბიზნესს და არა ხელოვნებას. მართალია ბიზნესი და ხელოვნება გადაკვეთილები არიან, როგორც სხვა დანარჩენი, მაგრამ ბიზნესის ტენდეციიდან ხელოვნების შეფასება დიდ ზიანს აყენებს მის განვითარებას. ასეთი მოვლენები, რასაც ხშირად ვაწყდებით, იწვევს მოთხოვნას ცუდ ხელოვნებაზე, რასაც ინერციით მივყავართ იმისკენ, რომ ცუდი გავაკეთოთ ან ის გავაკეთოთ, რაც გულწრფელი კვლევა არ იქნება ჩვენგან და დრო ვხარჯოთ არა ექსპერიმენტებზე და რეალურ კვლევაზე, არამედ იმაზე, რომ რამე გაიყიდოს და პური ვჭამოთ.

ჩემი თვალსაზრისით, დღეს ხელოვნებაა კომერციისთვის და არა პირიქით, კომერცია ხელოვნებისთვის. ამის გამო კომერციული გათვლების გაკეთება მიჭირს და დიდად არც ვიწუხებ თავს, მაგრამ შეკვეთები აუცილებლად დამაინტერესებს – მათ გამოწვევად აღვიქვამ და ჩემებურად შევუბერავ სულს. ალბათ, მაშინაც კი როცა შეკვეთის თემა იქნება ბანალური. ჩემი აზრით, ერთი შეხედვით ბანალურ საკითხშიც მოიძებნება საინტერესო პერსპექტივა, თუ გაიხსნები და ტვინს გაანძრევ და საერთოდაც, ბანალურობას ჩვენივე ბანალური აღქმა განაპირობებს.

არიან მხატვრები, ვისგანაც იღებთ შთაგონებას თუ მხოლოდ თქვენს შინაგან ხმას უსმენთ?

ბევრი მხატვარია, რომელიც ხატვის სურვილს აღმიძრავს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შინაგან მდგომარეობასაც მოუსმინო. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს გარემოში მუშაობს და იღწვის შემოქმედებითად, მუსიკოსია, მხატვარი თუ მებაღე, ბიძგია ჩემთვის წამოვიწყო უამრავი სხვადასხვა სახის პროცესი, რომელსაც თუნდაც მათი ქმედება შთამაგონებს.

ყოფილა მომენტი როდესაც შთაგონება საერთოდ ვერ პოულობდით?

ალბათ არა, ან კი და მე არ შემიწყვეტია მუშაობა და ძიება, რომლის შედეგადაც შთაგონებებსა და ახალ სივრცეებს პოულობს ადამიანი. შთაგონება თავისით არასდროს მოდის და როცა მოდის, ეს წინამდებარე პროცესის შედეგია, რომელიც გაატარე. ჩემი აზრით, სისულელეა ის წარმოდგენა, რომ ვიღაცები, ვინც თუნდაც ელემენტარულ შრომის აქტს არ ახორციელებენ, უბრალოდ სხედან ჩიბუხს აბოლებენ, მუზები უკაკუნებენ თავში და ჩასძახიან გენიალურ ქმნილებებს. ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც ყოველდღიური შემოქმედებითი ლტოლვა და მიდრეკილება აქვს, ნებისმიერი სიტუაცია შთამაგონებელი შეიძლება იყოს, ეს მეტწილად მისი ბუნებით არის გამოწვეული და არა გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით.

რომელ ნამუშევარს თვლით ყველაზე წარმატებულად?

გააჩნია წარმატებას რად განვიხილავთ. იქნებ იმად, რამდენად მეტი „ლაიქი“ ექნება ნახატს, ან იქნებ რამდენად მეტად გაიყიდა, ან რამდენად ვისიამოვნე მე მისი კეთების პროცესში და რამდენად დამაკმაყოფილებელია შედეგი, ან ძალიან პრესტიჟულ ადგილას გამოიფინა. წარმატებას რა განსაზღვრავს? ძირთადად, ჩემთვის ეს განცდა ბოლოს თითქოს მაშინ მოვიდა, როდესაც ბევრი მცდელობის შემდეგ შევძელი და ისეთი განცდით დავხატე, თითქოს 5 წლის ბავშვი ვყოფილიყავი. უბრალოდ, ბევრი მცდელობის შემდეგ, თითქოს ბავშვური გულწრფელობის მარტივ მდგომარეობამდე მივედი ნახატში, ვიდრე უამრავ წინა მცდელობაში.

რომელ პროექტებზე მუშაობთ ამჟამად და როგორი გეგმები გაქვთ მომავალში?

ამჟამად ვმუშაობ კოლაბორაციულ გამოფენაზე, ჩემს შეყვარებულთან ერთად, რომელსაც წარმოადგენს გალერია Window Project, რომელთანაც აქამდეც მქონდა საშუალება მემუშავა. პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე გამოფენის პრეზენტაცია ონლაინ სივრცეში იქნება, ხოლო შემდეგ, როცა შესაძლებელი გახდება, გამოფენა გადაინაცვლებს ამავე გალერეის რეალურ სივრცეში. ალბათ, გამოფენა ივლისის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი. ამ სამომავლო გეგმის გარდა რაიმე სხვა კონკრეტული ჯერ არ გამაჩნია. გამოფენაში წარმოდგენილი იქნება ფერწერები, რომელსაც ერთობლივად ვხატავთ მე და ნატალია კალანდაძე. ძირითად მასალას წარმოადგენს ამოქექილი საყოფაცხოვრებო თეთრეული და ქსოვილები.