ბარბარა ასლამაზი და მისი პერსონაჟი ნორა

მხატვარი ბარბარა ასლამაზის ნამუშევრებზე გამოსახული ობოლი გოგონას სახელი ნორაა. ნორას ისტორია ასეთია – იგი მამიდებმა გაზარდეს, მშობლები არ ახსოვს და ის ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. იგი გრძნობს, განიცდის და მას, ყოველი ჩვენგანივით, აქვს საკუთარი სათქმელი. ბარბარა ასლამაზის ფერწერული სერიის პერსონაჟი იმის კარგი მაგალითია, რომ ხელოვნებას ბევრი ადამიანის სათქმელის გადმოცემა შეუძლია  – ნორა უსამართლობას აპროტესტებს, ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის და ხანდახან ცნობილი ადამიანების ამპლუასაც ირგებს. „ნორას“ ფერწერულ სერიაზე ბარბარა ასლამაზმა ჟურნალ „თორმეტთან“ ისაუბრა.

როგორ დაიბადა პერსონაჟი ნორა?

პირველი ნორა სპონტანურად, ფაქტობრივად თავისით დაიბადა. მე პირველი ნორას  მიმართ გამიჩნდა  რაღაც ემოციური დამოკიდებულება, როგორც პიროვნების მიმართ  და პირველი რაც გავაკეთე – სახელი დავარქვი. ხალხის რეაქციაც ეგ იყო, ყველას აინტერესებდა რა ჰქვია მას. მინდოდა, რომ ხალხს ჩემი ნამუშევარი აღექვა როგორც ცოცხალი, რეალური პიროვნება და არა როგორც ფერწერული ტილო.  მინდოდა სხვებსაც დაეჯერებინათ, რომ ის არსებობს. ნორას მშობლები არ ახსოვს, ამიტომ მინდა მნახველში თანაგრძნობა გამოიწვიოს და მასზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდეთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამას როგორ მივაღწიე, მაგრამ სულ მეკითხებიან: „როგორაა ნორა“, „გადაეცი, რომ ვგულშემატკივრობთ“ და ა.შ. აქედან გამომდინარე,  პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა ამ ბავშვზე და გავაგრძელე მისი ისტორიის მოყოლა. ასე შეიქმნა ნორა – როგორც ჩვენი საზოგადოების წევრი, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია ამა თუ იმ საკითხზე, ჩემგან დამოუკიდებლად.

თქვენს ნამუშევრებზე გამოსახული ნორა სხვადასხვა ამპლუაში გვხვდება, როგორ იბადება თქვენს წარმოსახვაში ახალი ნახატის სიუჟეტი?

ეს ალბათ ჩემი პირველი პროფესიიდან გამომდინარეობს. რადგან თეატრის მხატვარი ვარ, ჩემთვის აუცილებელია სიუჟეტში ცხოვრებისეული გამოცდილება, რის შედეგადაც ნორა არის ზუსტად ასეთი. პერსონაჟის შექმნა ჩემი პროფესიაა და როცა ერთი პერსონაჟს (ნორას) სხვა პერსონაჟის ამპლუა უნდა მოვარგო, ეს ძალიან საინტერესოა. მე კი არა, უცხო ხალხს მოსდის აზრად თუ რა  გარემოში უნდა იყოს ნორა. ხშირად სთხოვენ, რომ გააკეთოს რაღაც კონკრეტულად, მაგალითად ჭიქებზე დაუკრას ან ფრენა ისწავლოს. ხშირად აქტუალურ თემებზე ნორას აზრი აინტერესებთ და ამის პასუხს ნახატით ელოდებიან, მაგალითად, წავიდოდა თუ არა სააღდგომო წირვაზე პანდემიის ფონზე.

თქვენი ნახატების სერიაში არის ისეთი ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის ყველაზე გამორჩეულია?

უკვირთ, როგორ არ მენანება გასაშვილებლად ნორა. ხშირად იმასაც მეუბნებიან, თუ მოგენატრება მოაკითხეო. მე პირიქით მგონია,  თუ ნორას გავაშვილებ, ის ამ შემთხვევაში აგრძელებს ცხოვრებას და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. ყველა  ნამუშევარი თავისებურად გამორჩეულია, უბრალოდ მეც მყავს ჩემი ნორა, რომელიც მე ვიშვილე. ეს სულ პირველი ნორაა, ძალიან პატარა ზომის ტილოა 15×15სმ.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ  ნახატების მნახველის მიმართ, ვისი აზრია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ჩემთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანია. ეს ჩემი პროფესიაა და რა თქმა უნდა მინდა ამით ვცხოვრობდე, მაგრამ მაინც, პირველ რიგში, იმას ვხატავ რაც მაინტერესებს და სიამოვნებას მანიჭებს. სხვებს თუ მოსწონთ – ეს დიდი ბედნიერებაა.

რისი თქმა გსურთ საზოგადოებისთვის თქვენი ნამუშევრებით?

მე შევქმენი პერსონაჟი – ნორა, რომელსაც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მივეცი. ყოველ ახალ ნამუშევარში მას ახალი სათქმელი აქვს, ის ხან პროტესტს გამოხატავს, ხან ძალადობას გმობს და ხანაც თანადგომას უცხადებს ვიღაცებს. მას არ აქვს ერთი კონკრეტული სათქმელი. ის ჩვენთან ერთად ცხოვრობს, დროსთან და სიტუაციასთან  ერთად იცვლება, ვითარდება, სათქმელიც სხვადასხვა უჩნდება.

როგორია თქვენი და ნორას სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა მნახველმა ნორასთან კომუნიკაციის დამყარება შეძლოს, ანუ მე ის უნდა გავაცოცხლო. ჯერჯერობით მეტს ვერ გეტყვით.