ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ადგილზე მურალი დახატეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მინეაპოლისში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივმა ქუჩის მხატვრებმა კი ფლოიდისთვის პატივის მისაგებად იმ ადგილზე, სადაც 46 წლის ამერიკელი 25 მაისს პოლიციის ოფიცერმა დაკავებისას მოკლა, მურალი დახატეს.

Photo Credits to Artyom Tonoyan

ფლოიდი გარდაცვლილად იმავე დღეს, საღამოს 9 საათსა და 25 წუთზე გამოაცხადეს. მის დაკავებაში მონაწილე პოლიციის ოთხი ოფიცერი 26 მაისს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი, დერეკ შოვინი კი 29 მაისს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

38-ე ქუჩის და ჩიკაგოს სამხრეთ ავენიუს კუთხეში მდებარე მურალი ზინა გოლდმენმა, ქედექს ჰერერამ და გრეტა მაკლეინმა დახატეს. ჯგუფმა მუშაობა 28 მაისს დილით დაიწყო და 12 საათში დაასრულა ნიკო ალექსანდერის და პაბლო ჰერნანდესის დახმარებით.

„ვგრძნობდი, რომ მაშინვე უნდა მემოქმედა“, ამბობს გოლდმენი Hyperallergic-თან ინტერვიუში. „პოლიციის ოფიცრები, რომლებიც მინეაპოლისში მუშაობენ, აქ არ ცხოვრობენ. ისეთი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას არ წარმოადგენენ და არ ემსახურებიან, არ ითვალისწინებენ რა გვინდა ჩვენი ქალაქისთვის. საშინელებაა.“

მურალზე ფლოიდის პორტრეტის გარდა სხვა აფრო-ამერიკელების სახელებიცაა გამოსახული, რომლებიც, ფლოიდის მსგავსად, პოლიციელებმა მოკლეს.

მურალზე ერთ-ერთმა მოქალაქემ დაამატა ფრაზა „ახლა ვსუნთქავ“. აღსანიშნავია, რომ ფლოიდის ბოლო სიტყვები სწორედ „ვერ ვსუნთქავ“ იყო, როდესაც ის პოლიციელ დერეკ შოვინს ევედრებოდა მისთვის სუნთქვის საშუალება მიეცა.

ადგილობრივი მოსახელობა სწორედ ამ მურალთან მიაგებს ფლოიდს პატივს.